კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მკაცრად აფრთხილებს მოქალაქეებს თვითიზოლაციის წესები დაიცვან, რათა სხვა ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნან:
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას”.
დღეს, 10 მარტს, გამართულ საბჭოს სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები შემოწმდებიან, შემდეგ კი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 56 პირი.