ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მეკრვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
EMC-ის თქმით, მათი მთავარი მთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.
აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი ნათია კაპანაძე 2019 წლის გაზაფხულზე თამამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.
ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე. მათი აზრით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.