ახალი ამბები

მექისის მიერ ქალის სექსუალურ შევიწროებაზე ომბუდსმენმა “ჭრელ აბანოს” მიმართა

6 მარტი, 2020 • 1791
მექისის მიერ ქალის სექსუალურ შევიწროებაზე ომბუდსმენმა “ჭრელ აბანოს” მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა შპს “ჭრელ აბანოს”.

როგორც ომბუდსმენის აპრატში აცხადებენ, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი “მეფე ერეკლეს აბანოში” (შპს “ჭრელი აბანოს” საკუთრებაში არსებული დაწესებულება) მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, ომბუდსმენი მივიდა დასკვნამდე, რომ “მეფე ერეკლეს აბანოში” მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს “ჭრელ აბანოს”, მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის „მეფე ერეკლეს აბანოში“ შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები.

ასევე ომბუდსმენი მოუწოდებს დაწესებულებას შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად და კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები.

ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებამ საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები უნდა ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულ საკითხზე მანამდე ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. სახალხო დამცველი ამბობდა, რომ ეს საქმე უწყებამ საფუძვლიანად არ შეისწავლა.

“შსს-მ მექისის მიერ ქალების შესაძლო შევიწროება არასათანადოდ შეისწავლა” – ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი