ახალი ამბები

დაპირისპირება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტატისტიკის გამო

5 აგვისტო, 2015 •
დაპირისპირება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტატისტიკის გამო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განცხადება ამის თაობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სოფრომაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან სოციალურად დაუცველი ადამიანების ბედით მანიპულირებას.

 

”ბოლო პერიოდში მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადამიანების ბედით მანიპულირებამ და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყენებამ მათი პოლიტიკური მიზნებისათვის. სახელმწიფო ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს. სოციალური დახმარების სააგენტოს დღეისათვის მიმართა 1 600 000-ზე მეტმა ადამიანმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ შეუძლია რომ ყველა მათგანს აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება. ამისათვის არსებობს კომპენსაციის სხვა მექანიზმები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მარტოხელა პენსიონერები და ყველაზე შეჭირვებული ოჯახები არ დარჩნენ სიღატაკესთან პირისპირ,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

სამინისტრო მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური დახმარებისთვის 2012 წელს ბიუჯეტიდან 274 219 400 ლარი გამოიყო, 2015 წელს – 631 000 000 ლარი. გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა. 2012 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახის უფროსი წევრი 30-ს, ხოლო უმცროსი 24 ლარს იღებდა. 2015 წელს ეს თანხები 60 და 48 ლარს შეადგენს.

 

სოციალურად დაუცველის სტატუსი 2015 წელს 45 331 პირს მიენიჭა. საერთო ბაზაში ბავშვზე დანამატის მიმღები სოციალურად დაუცველი 17 000 ოჯახი და სოციალურად დაუცველი 33 561 შშმ პირი ირიცხება.

პრესკონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროში. 05.08.15 ფოტო: სამინისტროს ოფიციალური ფეისბუკ გვერდი
პრესკონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროში. 05.08.15 ფოტო: სამინისტროს ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, სოციალურად დაუცველ ადამიანთა ბაზაში მუდმივად მიმდინარეობს შედინება-გადინების პროცესი. ამ პროცესში სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელ ადამიანთა რაოდენობა 350 000-დან 400 000-მდე მერყეობს. რიცხვი მუდმივად იცვლება.

 

”დღეს ეს სტატისტიკა მოვიტანეთ იმისათვის, რომ დაინახოთ – არანაირ გაუარესებას ადგილი არ აქვს, პირიქით დახმარებები არის კიდევ უფრო მიზნობრივი. არ უნდა განვიხილოთ ეს დახმარებები, როგორც ოჯახის მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესების საშუალება. ეს გახლავთ დროებითი ღონისძიება, რათა სიღატაკის დონე დაძლიონ იმ ადამიანებმა, ვინც უკიდურესად გაჭირვებულები არიან. დღეს, ეს პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ უკიდურესად ღარიბ მოსახლეობაზე,”- აცხადებს ზაზა სოფრომაძე.

 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო ცდილობს მეტი ნეგატივი შეიტანოს სამინისტროს მოქმედებაში. ხუნდაძე 2012 წლის მონაცემების დღევანდელ მონაცემებთან შედარებას არასწორად მიიჩნევს.

 

”ის, რომ 2012 წლის მაჩვენებელთან ხდება დღევანდელი მონაცემების შედარება, ეს არის სრულიად არასწორი, რადგან 2012 წელს რაოდენობა იყო არჩევნებისათვის ხელოვნურად გაზრდილი. ნაციონალურ მოძრაობას და ყველა სხვა პარტიას მინდა მოვუწოდო, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება არ შეიძლება. მე მინდა სტატისტიკური მონაცემებით გავამტკიცო ფაქტები და უარვყო თითქოს სტატუსის მქონე მოსახლეობის შემცირებულმა რაოდენობამ გამოიწვია დახმარების თანხების ზრდა. 2012 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო სოციალურად დაუცველი და გაიცა 11 მილიონამდე ლარი მათ დასახმარებლად, 2015 წელს კი ზურაბ ჭიაბერაშვილის [ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი] გათვლებით შემცირებულ რაოდენობაზე უკვე გაიცა 22 მილიონზე მეტი,”- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

როგორც ხუნდაძე, ამბობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოპონენტების მხრიდან გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, არ შეჩერდება. თუ პროგრამის სამოქმედოდ დამატებითი თანხების გამოყოფა გახდება საჭირო, სამინისტროს გააჩნია ამის რესურსი.

2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა, რაზეც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განცხადება გაავრცელა და ჯანდაცვის მინისტრს სოციალურად დაუცველის სტატუს გარეშე დარჩენილი ყველა ოჯახისათვის სტატუსის აღდგენა მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი