ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს

6 მარტი, 2020 •
სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ცნობით, 5 მარტს, საღამოს საათებში, სომხეთის საზღვართან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

რა მოხდა? აზერბაიჯანის ვერსია

სასაზღვრო უწყების თანახმად, ადგილობრივი დროით 19:10 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „კონტაქტის ხაზის [ტერიტორია არმიებს შორის] გასწვრივ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს;

ამ დროს, უწყების განცხადებით, სომხეთის არმიის სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ დაჭრა მესაზღვრე ჯარისკაცი ორჰან ნაზიმ ფაშაზადე, რომელიც მსახურობდა ყაზახის რაიონის სოფელ გუშჩუ აირიმშთან.

აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, ფაშაზადე ყაზახის დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სომხეთის ვერსია

საპასუხო განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არწრუნ ჰოვანესიანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა „პროვოკაციაში“ და პასუხისმგებლობა მას დააკისრა:

„აზერბაიჯანის მესაზღვრე ჯარისკაცებმა დღეს კიდევ ერთხელ მოაწყვეს პროვოკაცია ტავუშის პროვინციაში [სომხეთის პროვინცია, რომელიც აზერბაიჯანს, კერძოდ კი ყაზახის რაიონს ესაზღვრება]. რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანული ძალები მძიმე ტყვიამფრქვევებით ერთი და იმავე მიმართულებით ისვრიან“.

სომხეთის რუკა, მონიშნულია ტავუშის პროვინცია, რომელსაც აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება

პრესსპიკერი წერს, რომ „როგორც წესი, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები თავშეკავებას ამჟღავნებენ, მაგრამ მიზანმიმართული თავდასხმები პასუხგაუცემელი არ დარჩება. სრული პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციებსა და მის შედეგებზე აზერბაიჯანულ მხარეს ეკისრება“.

რა ხდება ქვეყნებს შორის?

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო შეიარაღებული კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, რასაც აზერბაიჯანის 20%-ს უწოდებენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია. ამას კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

2016 წლის აპრილში მხარეებს შორის დაპირისპირება 4-დღიან ომში გადაიზარდა. ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის შუამავლობით შედგა — ქვეყნის, რომელიც ორივე მხარეს აწვდის შეიარაღებას.

რუკაზე წითლად მონისნულია მთიანი ყარაბაღი; ნარინჯისფრად — აზერბაიჯანი, ღია ნაცრისფრად — სომხეთი; მუქი ნაცრისფრით აღნიშნულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ტერიტორიები, რომელიც სომხეთის არმიას უკავია. რუკა/გრაფიკა: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი