რამდენიმე საათის წინ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის პანელური დისკუსია გაიმართა მთიანი ყარაბაღის გარშემო.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერები 15 თებერვალს „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი პანელურ დისკუსიაზე გადაინაცვლეს.
დისკუსია მოდერატორმა, სელესტ უოლანდერმა გახსნა, რომელიც ამერიკული ორგანიზაცია „შეერთებული შტატების რუსეთის ფონდის“ (USRF-ის) დირექტორია.
მან სიტყვა გადასცა ილჰამ ალიევს, რომელმაც განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხაზი გაუსვას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ილჰამ ალიევმა პასუხად განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ ხაზი უნდა გაუსვას, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, ხოლო შემდეგ ზეწოლა განახორციელოს აგრესორზე“.
დისკუსია 45 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა იკამათეს ყარაბაღის სტატუსზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ა.შ..
ალიევმა შესავალ სიტყვაში თქვა, რომ სანამ კონფლიქტის მოგვარებაზე დაიწყება საუბარი, საჭიროა პრობლემის ისტორიაში გარკვევა და ყარაბაღის ისტორია აზერბაიჯანული პერსპექტივიდან მოკლედ მიმოიხილა 1800-იანი წლებიდან.
პასუხად ფაშინიანმა თქვა: „პრეზიდენტ ალიევს ვთხოვდი, ღრმად ნუ შეიჭრება ისტორიაში, რადგან როდესაც სომეხი მეფე ტიგრან დიდი [დიდი სომხეთის მეფე ძვ. წ. 95-55 წლებში, რომელთანაც დაკავშირებული სომხეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიული გაფართოება] მოლაპარაკებებს მართავდა რომაელ სამხედრო ლიდერ პომპეუსთან, სამხრეთ კავკასიაში და მთელ მსოფლიოში არ არსებობდა ქვეყანა, სახელად აზერბაიჯანი“. მისი თქმით, არ არის სწორი, ისტორიაში ასე ღრმად შესვლა.
ლიდერებმა ასევე იკამათეს სსრკ-ის პერიოდში სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის, როლზე ყარაბაღის კონფლიქტში, სსრკ-ის დაშლისას განვითარებულ მოვლენებზე, ხოჯალოს ტრაგედიასა და სხვა საკითხებზე.
ამ შეხვედრას არაერთი კომენტატორი ადევნებდა თვალს. სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსმა საერთაშორისო ორგანიზაცია „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფიდან“, ოლესია ვართანიანმა გააკრიტიკა დისკუსიის მიმდინარეობა და დაწერა:
„ყველა საერთაშრისო ფორუმს თავისი წესები აქვს. ალიევსა და ფაშინიანს ჰქონდათ შანსი, რომ ისტორიული გამოსვლები ჰქონოდათ. ამიტომ, არ იყო საჭირო, ხელოვნურად სიყვარულსა და მშვდიბაზე საუბარი. უნდა მიჰყოლოდნენ საჯარო გამოსვლის წესებს და ეცადათ საკუთარი აზრების იმგვარად არტიკულირება, რომ მსმენელებს კარგად აღექვათ.
ამის ნაცვლად, მათ პანელი იაფ წარმოდგენად აქციეს. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების ვერცერთი წარმომადგენელი გაიგებდა მინიშნებებს შორებული თუ უახლესი ისტორიიდან;
თუ ფიქრობთ, რომ სიტყვებით შერკინებას შეუძლია, გაზარდოს რომელიმე მხარეს მხარდაჭერა, ცდებით. ეს დებატები აუფასურებს პრობლემას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ კონფლიქტით უწევთ ცხოვრება. [დისკუსიაში] არავის გაუმარჯვია, ორივე დამარცხდა“…
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო შეიარაღებული კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, რასაც აზერბაიჯანის 20%-ს უწოდებენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია. ამას კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.