ახალი ამბები

“ყველაფერს ერთად დავკარგავთ” – რატომ ეწინააღმდეგებიან რიონზე ჰესების მშენებლობას ცაგერში?

2 აგვისტო, 2018 • 10254
“ყველაფერს ერთად დავკარგავთ” – რატომ ეწინააღმდეგებიან რიონზე ჰესების მშენებლობას ცაგერში?

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ ტვიში ჰესისა და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მშენებლობა კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც გარემოს, ისე ადგილზე მცხოვრები ოჯახების მომავალს.

“ამ ჰესის მშენებლობით იტბორება უსაშველოდ დიდი ფართობი. ჰესის ზედაპირი, სარკე, გამოიწვევს დიდ აორთქლებას, გაზაფხულის ყინვებს. ამის შემდეგ ჩვენ მოსავალს კი არ მივიღებთ, ცხოვრება შეუძლებელი გახდება საერთოდ”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ვალერიან ასათიანი.

ის სოფელ ორხვში ცხოვრობს. სხვების მსგავსად, მეღვინეობას მისდევს, რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. შიშობს, რომ ჰესების აშენების შემთხვევაში, შემოსავლის წყაროსთან ერთად სოფელში დარჩენის პერპექტივასაც დაკარგავს.

“მომყავს ცოლიკაური, ვბეჭდავ, ვასხამ ბოთლებში და ვაწარმოებ. საკუთარი მარანი მაქვს. კილოგრამი ყურძნის ფასი ჩვენთან 5 ლარია. ჩასაბარებელი ბოთლის ფასი 30–დან 40 ლარამდე მერყეობს, კარგი ღვინო. ამ ყველაფერს ერთად ვკარგავთ.

ხეობა, ძირითადად, მევენახეობა–მეფუტკრეობაზეა გადასული. მეფუტკრეობასაც საფრთხე ემუქრება, რადგან სინესტე მას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. ზამთარს ფუტკრის ვერცერთი ოჯახი ვერ გადაიტანს. რომ გვატყუებენ, განვითარდებითო, განვვითარდებით კი არა, მიმდებარე სოფლები საერთოდ აღარ იარსებებს. რით უნდა გაძლოს ადამიანმა, თუ არ ექნა შემოსავალი?”, – ამბობს ის.

ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში 2015 წელს მომზადდა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ეკოლოგიური დასკვნაც გაიცა. თუმცა, იმის გამო, რომ ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებს სრულად არ აკმაყოფილებდა, მისი განახლება მიმდინარეობს.

ჰესების მშენებელ სააქციო საზოგადოებას მოსახლეობასთან მოლაპრაკებების პროცესი უკვე დაწყებული აქვს. მშენებლობის მოწინააღმდეგეები “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ კონსულტაციები გარემოზე ზემოქმედების განახლებული ანგარიშის მომზადებასა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების დადებამდე უნდა გაჩერდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დასკვნები და ნებართვის განახლების პროცესში არიან, ჩვეულებრივ მუშაობენ მოსახლეობასთან. მიდის ადამიანების დამუშავება, რომ მათი თანხმობა შემდეგ გამოიყენონ სესხის ასაღებად და ა.შ. არ აქვთ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, არც დასკვნა. ჩვენ ვეუბნებით, რომ დაელოდონ ამ ანგარიშს, გაირკვეს, არის თუ არა ეს სასარგებლო, შენდება თუ არ შენდება და შემგომ გაგრძელდეს პროცესები”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები მარიტა მუსელიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა თქმით, მშენებელი კომპანია “2-7 კაციან საბჭოებს” ქმნის. საბჭოების შექმნაზე კატეგორიულ უარს ამ დროდე ორი სოფელი – ტვიში და ორხვი აცხადებს. მარიტა მუსელიანი ჩივის, რომ საბჭოები მთელი ხეობის სახელით საუბრობენ, როცა მათი წევრების რაოდენობა მინიმალურია. სწორედ ამიტომ თქვეს უარი აღნიშნულ საბჭოებში გაერთიანებაზე სოფელ ტვიშშა და ორხვში, სადაც მშენებლობას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან.

“ეს აგიტაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რამე კონკრეტულ ქმედებებს. უნდათ, მეტი მომხრე ჰყავდეთ. ზოგიერთს სამსახური შესთავაზეს, ზოგს სწავლის დაფინანსება და ა.შ. ასე ზემოქმედებენ ადამიანებზე. ყველა სოფელს ცალცალკე კრებენ. სამ ნაწილად გაყვეს ზემოქმედების არეალი და ერთმანეთთან კომუნიკაციაც ეზღუდებათ.

ტვიშსა და ორხვში საბჭოები საერთო არ არის. იქაურმა მოსახლეობამ ეს არ გააკეთა. მათ კატეგორიული წინააღმდეგობა გასწიეს თავის დროზე, რადგან მიხვდნენ, რომ ერთი სოფლიდან სულ რამდენიმე ადამიანის აყვანა წინააღმდეგობას შეასუსტებდა. ასეთ სერიოზულ წინააღმდეგობას წევს ორი სოფელი და სულ 10 კაცს უნდა წარმოედგინა ისინი”, – ამბობს მარიტა მუსელიანი.

ადგილობრივები, ამ ეტაპზე, მოსახლეობასთან ნებისმიერი სახის კონსულტაციების შეწყვეტას და პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

ორსაფეხურიანი კასკადი ორი ჰესის – ტვიში ჰესისა და ნამახვანი-ჟონეთი ჰესისაგან შედგება. პროექტი, თავდაპირველად, სააქციო საზოგადოება “ნამახვანს” ებარა. მის მიერ შემდგომ გამოცხადებულ ტენდერში კი კომპანია “Clean Energy Group”-მა გაიმარჯვა.

ტვიში ჰესი სოფელ ტვიშის მიმდებარედ შენდება,  სიმაღლე 60 მეტრს შეადგენს, სიმძლავრე კი – 100 მგვტ-ს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით, ტვიშის მშენებლობა ფიზიკური განსახლების რისკებს არ უკავშირდება.

ნამახვანი-ჟონეთი ჰესი კი სოფელ ჟონეთის მიმდებარედ უნდა აშენდეს. კაშხლის სიმაღლე 99 მეტრი იქნება, სიმძლავრე კი – 333 მგვტ. გზშ-ს მიხედვით, ჰესის გავლენის ზონაში 50 ოჯახი ექცევა. მათ შორის, დატბორვის ზონაში – 25, მეწყერსაშიშ ზონაში – 6, შეტბორვის ზონის გარე ტერიტორიაზე კი – 19 ოჯახი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა დაიხუროს ყველა სასაფლაო, რომელიც დატბორვის, წყალდიდობისა და ნაპირის მოშლის ზონაში მდებარეობს. ადგილობრივთა ცნობით, ასეთი სამი სასაფლაოა.

მშენებელი კომპანია აღნიშნავს, რომ ჰესების კასკადი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას, დამატებით კი წლიურად 1 514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას წარმოქმნის.

მოსახლეობის პრეტენზიებზე ნეტგაზეთი კომპანია “Clean Energy Group”-ის პოზიციითაც დაინტერესდა. კომპანიაში მხოლოდ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციაზე დაგვთანხმდნენ. პასუხებს მიღებისთანავე შემიგთავაზებთ.

განახლება – ნეტგაზეთმა “Clean Energy Group-სგან” 3 აგვისტოს მიიღო წერილი, სადაც კომპანია პასუხობს მის მიმართ არსებულ პრეტენზიებსა და მოსახლეობისთვის პრობლემატურ საკითხებს. აღნიშნული პასუხის ნახვა შეგიძლიათ აქ: 

კლიმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება – რიონზე მშენებარე ჰესების კომპანიის პასუხი მოსახლეობას

მასალების გადაბეჭდვის წესი