ახალი ამბებისამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე 4 პირი დააკავეს

5 მარტი, 2020 • 5369
„ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.

შსს-ს ცნობით, გ.მ.-ს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრობაში. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – თ.ჭ. ჩართეს. ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი – 4500 ლარი და 1800 აშშ დოლარი გამოსძალეს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი