ახალი ამბები

შეთანხმება რუსეთთან, რომელიც ამოქმედებამდე შეიძლება გადაიხედოს

4 აგვისტო, 2015 • • 1201
შეთანხმება რუსეთთან, რომელიც ამოქმედებამდე შეიძლება გადაიხედოს

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების სანაცვლოდ კრემლის მიერ თბილისთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, მესამე მხარის დახმარებით ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რა სავაჭრო ტვირთი მოძრაობს რუსეთსა და აფხაზეთს, ასევე რუსეთსა და ცხინვალს შორის, ამ დრომდე არ არის შესრულებული. მიმდინარე წლის აგვისტოს მეორე ნახევარში შესრულდება 3 წელი მას შემდეგ, რაც ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა. დოკუმენტში კი წერია, რომ 3 წლის თავზე შეთანხმება გადასინჯვას ექვემდებარება.


საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ერთ-ერთი ის ქართველი დიპლომატია, რომელიც თავის დროზე რუსეთთან მოლაპარაკებაში უშუალოდ მონაწილეობდა. ამჟამად არასამთავრობო სექტორში მომუშავე სერგი კაპანაძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რომელიმე მხარის სურვილის შემთხვევაში გადასინჯვის მოთხოვნას ფუნდამენტური ნაწილებიც შეიძლება დაექვემდებაროს.


“რუსეთს ამ ხელშეკრულებაში არ აწყობს [სავაჭრო ტვირთების] მონიტორინგი, არ აწყობს მესამე მხარის მონაწილეობა [შვეიცარია], არ აწყობს ინფორმაციის გაცემა [საქართველოზე], ბევრი რამ არ აწყობს კრემლს, რაზეც თავის დროზე დათანხმება მოუწია”, – აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ, პრინციპში, ეს ხელშეკრულება რუსეთისთვის ფუნდამენტური პრინციპების გადასინჯვის გარეშეც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან მისი შესრულება ამ დრომდე არ მომხდარა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო. იგი ხელშეკრულების იმპლემენტაციის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს.


“ძალიან პასიურები ვიყავით. სიტუაცია მივიყვანეთ იქამდე, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მისი შესრულება არ დაწყებულა. სამწლიანი ვადის გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება აუცილებლად შეწყდება, შესაძლებელია მოლაპარაკება რუსეთთან, მათ შორის ჩვენი პარტნიორების დახმარებითაც, რომ ისინი არ წავიდნენ მის შეწყვეტაზე, თუმცა ეჭვი მეპარება ჩვენ ამას მივაღწიოთ, რადგან თუ მისი ამოქმედება გვინდოდა, სამი წლის განმავლობაში პროცესის გაჭიანურება არ უნდა დაგვეშვა. ამიტომ, დიდი ალბათობით ამას ვეღარ ვიზამთ. ალბათ შედეგი იქნება ის, რომ ხელშეკრულება ამოიწურება შესრულების გარეშე და ვერც ერთ ბენეფიტს, რომელსაც ის ჩვენთვის ითვალისწინებდა, ვეღარ მივიღებთ. ეს ნათლად მეტყველებს იმ უნიათობასა და დანაშაულებრივ გულგრილობაზე, რაც ამ შეთანხმების მიმართ გამოიჩინეს”, – ამბობს სერგი კაპანაძე.


ზემოხსენებული ხელშეკრულება საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის მედიაციით გააფორმეს. ის ძალაში რუსეთის WTO-ში გაწევრიანების დღიდან (2012 წლის 22 აგვისტო) შევიდა. ამის შემდეგ შვეიცარიამ შეარჩია საერთაშორისო კომპანია SGS-ი, რომელსაც დოკუმენტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა. საუბარია რუსეთისა და საქართველოს საზღვრებზე დერეფნების შექმნაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ფარავს. ამ ტერიტორიებზე ტვირთის კონტროლი სწორედ ამ კომპანიამ უნდა განახორციელოს. SGS-სთან კონტრაქტები საქართველოსა და რუსეთს უნდა დაედოთ.


თავის დროზე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გვითხრა, რომ კონტრაქტების დეტალებზე მისი მინისტრობის პერიოდში თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონტაქტი არასოდეს ყოფილა და საკითხებს შვეიცარია ცალ-ცალკე ათანხმებდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში ერთვებოდა და ეს თემა კარასინთან მოლაპარაკების თებერვლის რაუნდის “ცენტრალურ საკითხადაც” დაასახელა. როგორ განვითარდა პროცესი და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე SGS-თან კონტრაქტების დადება, რაც კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემდა? – “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ზურაბ აბაშიძე დოკუმენტის დიდ მოცულობასა და სირთულეზე აპელირებს:


“იმის შემდეგ ჩვენ შევიკრიბეთ 15 ივლისს, პრაღაში გაიმართა ეს შეხვედრა… რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ შეიძლება, უკვე მოვამზადოთ სამმხრივი სამუშაო შეხვედრა ანუ ქართულ-რუსულ-შვეიცარიული, რომელზეც მოხდება შესაბამისი კონტრაქტების შეჯერება… შეიქმნება ასევე სამმხრივი ერთობლივი სამუშაო კომიტეტი და შემდეგ დაიწყება იმპლემენტაცია”, – ამბობს აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

მისივე თქმით, ეს სამხრივი შეხვედრა შვეიცარიაში უნდა გაიმართოს აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის შუა რიცხვებში. ამასთან, აბაშიძის თქმით, კონტრაქტების შინაარსობრივი მხარე უკვე გავლილი საკითხია, თუმცა იგი მის დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებს, მათ შორის შვეიცარიული კომპანიისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, რაც სერგი კაპანაძის ინფორმაციით, თავის დროზე რამდენიმე მილიონით იყო განსაზღვრული, რომელიც რუსეთსა და საქართველოს უნდა დაეფარათ.


ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, სამწლიანი პერიოდის კონტექსტში რუსეთის მხარეს ხელშეკრულების შინაარსის რაიმე დეტალის შეცვლის საკითხი არ დაუყენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შესრულება უკვე არსებული დოკუმენტის პირობებში მოხდება.


სერგი კაპანაძეს კი უკვირს, რატომ გახდა საჭირო სამი წელი მუშაობა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებაც, მისი თქმით, მაქსიმუმ 2-3 თვეში შეიძლებოდა. მისი განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საჭირო იყო შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება, დაფინანსების მოძიება და კომიტეტის შექმნა, რომელზეც ზურაბ აბაშიძე ახლა საუბრობს.


ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (რომელსაც სერგი კაპანაძე წარმოადგენს) მოსაზრებით, იმპლემენტირების შემთხვევაში საქართველოს ამ ხელშეკრულების რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალთან დადებული ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებების წინააღმდეგ გამოყენება შეეძლო WTO-ს შიგნით. ზემოხსენებული სამოკავშირეო “შეთანხმებებით” რუსეთმა ცხინვალთან და სოხუმთან მესამე მხარისთვის უკონტროლო ერთიანი საბაჟო სივრცე შექმნა, მაშინ როდესაც თბილისთან სავაჭრო კორიდორების თავსა და ბოლოში, ტერმინალების განთავსებისა და ტვირთების მოძრაობის აღნუსხვის, ასევე მონაცემების შვეიცარიული კომპანიისათვის მიწოდების ვალდებულება აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი