ახალი ამბებიხელოვნება

ფიროსმანის „ბატკანი“ სახელმწიფოსგან კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა – პროკურატურა

4 მარტი, 2020 • 6783
ფიროსმანის „ბატკანი“ სახელმწიფოსგან კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტილო „ბატკანი“, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა, კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.

ეს გადაწყვეტილება, პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 27 თებერვალს გამოიტანა სასამართლომ. პროკურატურის თანახმად, ამ ამბის ისტორია ასეთია:

როგორ გადაეცა ტილო სახელმწიფოს?

2011 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, მოქალაქე დამიანე ალანიას მიერ „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე“.

2012 წლის მაისში მოქალაქე მზია შალვაშვილს წარედგინა ბრალდება. იმავე თვეში, არსებულ სისხლის სამართლის N009271011001 საქმეს გამოიეო მზია შალვაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის N009240512001 საქმე, რომელზეც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შალვაშვილის ს მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ამის შედეგად ფერწერული ტილო სახელმწიფოს გადაეცა.

რა მოხდა შემდეგ?

პროკურატურის თანახმადვე, საქმე ასე გაგრძელდა:

2015 წლის 6 მარტს დამიანე ალანიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის N009271011001 საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.

2017 წლის 17 ნოემბერს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა.

2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოითხოვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილის გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით, გაუქმდა მის მიმართ 2012 წლის 5 ივნისს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი და შალვაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

2019 წლის 6 მარტს დამიანე ალანიას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის №009271011001 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

სამოქალაქო დავა

პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დამიანე ალანიას კანონიერ მემკვიდრეს ნ. ალანიას მიეცა შესაძლებლობა, სამოქალაქო სარჩელით მიემართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის და აღნიშნული ფერწერული ტილოს საკუთრებაში დაბრუნება მოეთხოვა.

ხსენებული სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად 2020 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოსარჩელე ნ. ალანია ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კანონიერ მესაკუთრედ ცნო.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ალანიას სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი