ახალი ამბები

მდინარაძე: საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო პროექტს რამდენიმე დღეში წარვადგენთ

4 მარტი, 2020 • 1028
მდინარაძე: საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო პროექტს რამდენიმე დღეში წარვადგენთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს.

მდინარაძე ამბობს, რომ პროექტში გათვალისწინებულია ე.წ. 40-პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული სუბიექტი  40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ვერცერთი კონფიგურაციით 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს:

“თუ საუბარია მეტ პროპორციულობაზე, შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში 2016 წელს რომ ჩატარებულიყო ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელით, რომელიც 3-4 დღეში წარედგინება საზოგადოებას წერილობითი ფორმით, არჩევნებში “ქართული ოცნება” მივიღებდით იგივე შედეგს მანდატების მიხედვით, რაც 5 პროცენტიანი ბარიერის არსებობის პირობებში პროპორციული არჩევნების დროს.

ე.წ. ჩამკეტი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, გულისხმობს ამას – ვერცერთი მანდატით მეტი ვიდრე ეს შესაძლებლობა არსებობს პროპორციულ სისტემაში 5 პროცენტიანი ბარიერით. თუ საუბარია თითონ ბარიერზე, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები და რა ბარიერსაც ამ შეთანხმების პირობებში მოიფიქრებენ, იმასაც შევთავაზებთ” – ამბობს მდინარაძე.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტია აცხადებს, რომ მზადაა საარჩევნო კანონმდებლობაში ასახოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი, რომელიც არჩევნებში მინიმუმ 40 პროცენტს ვერ მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა საარჩევნო ფორმულამ უნდა უზრუნველყოს ამ პრინციპის დაცვა. მამუკა მდინარაძემ გუშინ ახსენა ორი მოდელი ახსენა 110/40-ზე და 100/50-ზე.

ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში 130/20-ზე ფორმულას ნიშნავს, ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით.

მასალების გადაბეჭდვის წესი