ახალი ამბები

გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები – პრეზიდენტი

4 მარტი, 2020 • 800
გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები – პრეზიდენტი

“გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, “ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში – ჩვენი ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას”. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ უძველესი კულტურის პატრონმა ერმა “თითქოს დავივიწყეთ, რა არის კულტურა სინამდვილეში. კულტურა ხომ არც სხვადასხვა შემოქმედებითი დარგის ერთობლიობაა და არც გართობის ინდუსტრია”.

“ღირებულებები, რომლებსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლებინა.

ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას – ძალადობას ქალთა მიმართ.

გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყველას ყოველთვის ჰქონდა, აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს – ეს იყო გზავნილი ჰოლოკოსტის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი