ახალი ამბები

უმადურობაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ წარმატებას – ზურაბიშვილი

4 მარტი, 2020 • 912
უმადურობაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ წარმატებას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით საქართველოს მოსახლოება უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგული ვერ აფასებს, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე ისაურბა:

“პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება.
უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან არ გასულა 30 წელი და უკვე ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი.

როცა რეფერენდუმის შედეგებსა და სამფეროვანი დროშის აღმართვას ვზეიმობდით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ, ისტორიისთვის ამ მოკლე პერიოდში, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობას მიაღწევდა და გახდებოდა ნატოსათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დაფასებული პარტნიორი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე საქართველოს ტეროტორიაზე მიმდინარე ნატოს წვრთნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ადრე წარმოუდგენელი იყო. მისი თქმით ასევე წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებდა არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, არამედ ამ მისიებში სამხედრო პროფეიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეული გახდებოდა:

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც, ბუნებრივია, მოლოდინიც მეტია.

ამ ყველაფერთან ერთად, გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით, თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიას გაფრთხილება და ერთიანობა სჭირდება, რომლის მთავარი მტერი პოლარიზაციაა.

პრეზიდენტის დღევანდელ მოხსენებას არ ესწრებიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, “პატრიოტთა ალიანსი” და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი