ახალი ამბები

პოლიტპატიმრები რომც გამოუშვან, არ დავეთანხმებით – ბოკერია 110-40-ზე

3 მარტი, 2020 • 1105
პოლიტპატიმრები რომც გამოუშვან, არ დავეთანხმებით – ბოკერია 110-40-ზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას შეუძლია ამოირჩიოს 100/50-ზე და 100/40-ზე თანაფარდობას შორის ისე, რომ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 40-ზე ნაკლები არ იყოს.

“მოდი, მაგან აირჩიოს. ჩვენ მაქედან არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ იმას, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი ნებისმიერი სისტემის პირობებში და ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ეს სისულელები და ვირეშმაკობები მდინარაძემ აირჩიოს თავის გუნდთან ერთად და მიუტანოს თავის უფროსს ივანიშვილს. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს”, – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” პოზიციაა, რომ პოლიტიკურმა ძალამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში 130/20-ზე ფორმულას ნიშნავს, ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით. 100/50-ზე ან 110/40-ზე თანაფარდობა, ბოკერიას აზრით, მაქსიმალური პროპორციულობის პრინციპისგან შორსაა.

“არცერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებით. პოლიტპატიმრები რომც გამოუშვან, მაინც არ დავეთანხმებით… ჩვენ ამას არ გავასაღებთ და ვერ გავასაღებთ როგორც დაპირების შესრულებას ხალხის წინაშე. ვინ ჭამს ამას?”, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს საკითხი ვითარებას და ოპოზიციის ერთობას არ შეცვლის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქი, რასაც მათ ოპოზიცია სთავაზობს, გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია და “არასერიოზულობას იძენს” ეს ყველაფერი.

“რომელიც უნდათ ამოირჩიონ 100/50- ზე, 110/40- ზე, მაგრამ 40-ს ქვევით გეოგრაფიულადაც კი შეუძლებელია დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს საუბარი. ბარიერთან დაკავშირებითაც რამდენიც უნდათ – 1,2,3 პროცენტი – თვითონ გადაწყვიტონ, შეთანხმდნენ 34-ვე პარტია თუ ადამიანი, თქვან რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში,”- განაცხადა მდინარაძემ.

როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო?! – მდინარაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი