ახალი ამბები

როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო?! – მდინარაძე

3 მარტი, 2020 • 1231
როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო?! – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქი, რასაც მათ ოპოზიცია სთავაზობს, გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია და “არასერიოზულობას იძენს” ეს ყველაფერი.

ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში 130/20-ზე ფორმულას ნიშნავს ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით.

“როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო?! 4-5 რაიონი როგორ შეიძლება გაერთიანდეს ერთ საარჩევნო ოლქში, ვინმე მომიყვეს და მერე შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ”, – ამბობს მდინარაძე, რომელიც ოპოზიციას ასეთ ფორმულებს სთავაზობს:

“100/50-ზე, 110/40-ზე მაგრამ 40-ს ქვევით გეოგრაფიულადაც შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს ყველაფერი”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ასევე მზადაა იმსჯელოს საარჩევნო ბარიერის დაწევაზეც.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტია აცხადებს, რომ მზადაა საარჩევნო კანონმდებლობაში ასახოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი, რომელიც არჩევნებში მინიმუმ 40 პროცენტს ვერ მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა საარჩევნო ფორმულამ უნდა უზრუნველყოს ამ პრინციპის დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი