კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს დამსაქმებლებს, თანამშრომლებს, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადების რეკომენდაცია მისცენ. მაღალი რისკის ზონაში მოგზაურობის გამო მოქალაქეები ასევე იმყოფებიან კარანტინშიც.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა კარანტინისა და თვითიზოლაციის დროს, როგორია დასაქმებულთა უფლებები და აუნაზღაურდებათ თუ არა გაცდენილი სამუშაო დღეები.
როგორც გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი რაისა ლიპარტელიანი ამბობს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გაცდენილი სამუშაო დღეები დასაქმებულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთვლება საპატიოდ, თუ ბიულეტენი აქვს გახსნილი, რაც თვითიზოლაციისა და კარანტინის შემთხვევაში მოქმედი პრაქტიკით არ ხდება:
“კანონმდებლობის მიხედვით, თუ დასაქმებულს აქვს გახსნილი ბიულეტენი, საპატიოდ ეთველბა მიმდევრობით 40 გაცდენილი სამუშაო დღე, რაც ანაზღაურებადია. ისე რომ პირდაპირ კარანტინის გამო ან თვითიზოლაციის გამო ჩაითვალოს განაცდური საპატიოდ, ეს თემა პრობლემურად რჩება” – ამბობს რაისა ლიპარტელიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
გაერთიანებული პროფკავშირი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საკარანტინო რეჟიმში მყოფ ადამიანებს, გაცდენილი სამუშაო დრო ჩაეთვალოთ საპატიოდ და სრულად აუნაზღაურდეთ იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან პროფაკვშირში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ანალოგიური რეჟიმი გავრცელდეს თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებზე, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ ცხადდებიან სამუშაო ადგილებზე და იმყოფებიან იძულებითი მოცდენის პირობებში.
გაერთიანებულ პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რადგან სოციალური პრობლემების გამო, შემოსავლის დაკარგვის შიშით, შესაძლოა ადამიანებმა თავი აარიდონ თვითიზოლაციას და საფრთხე შეუქმნან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პროფკავშირის განცხადებით, ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, თვითიზოლაციაში მყოფი პირების აღრიცხვა სახელმწიფოს მიერ.
ნეტგაზეთი შეეცადა დაკავშირებოდა რამდენიმე ისეთ დამსაქმებელს, რომელთა თანამშრომლები ბოლო დღეებში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტმა ისურვა, რომლის პერსონალიც ირანში სამსახურებრივი მივლინების შემდეგ კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება.
უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უნივერსიტეტის დასაქმებულებს, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო თვითიზოლაციასა და კარანტინში უწევთ ყოფნა, გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ეს გადაწვყეტილება იქიდან გმაომდინარე მიიღეს, რომ მათი დასაქმებულები ირანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადამიანებს პირადი მიზნებითაც რომ ემოგზაურათ, განაცდურს მაინც აუნაზღაურებდნენ.
ნეტგაზეთი ასევე ცდილობს დააზუსტოს, სახელმწიფო, რომელიც ირანსა თუ იტალიაში მყოფ ავადმყოფობის სიმპტომიან მოქალაქეებს, ასევე დაავადებულებთან შემხებლობაში მყოფ პირებს თვითიზოლაციისა და კარანტინისაკნე მოუწოდებს, აპირებს თუ არა, რომ ამ კუთხით დასაქმებულებს დაეხმაროს ახალი ნორმატიული აქტის მიღებით ან სხვა გზით, რომ მათ კარანტინი ან თვითიზოლაცია საპატიო განაცდურად ჩაეთვალოთ თუ დამსაქმებელი საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებას შეეცდება. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს მიღებისთაანავე გავავრცელებთ.
პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომართვიანობა ცხადყოფს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას პრაქტიკაში. “გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ყველა დასაქმებულს, ვისაც ამ კუთხით ექმნება პრობლემა დასაქმების ადგილას”.
განახლება:
კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს განაცდური აუნაზღაურდებათ – სამინისტრო