ახალი ამბები

ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ოფიციალურ შეთავაზებას ელის

2 მარტი, 2020 • 987
ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ოფიციალურ შეთავაზებას ელის

ოპოზიციის წარმომადგენლებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ხელისუფლებასთან მიმდინარე არაფორმალური დიალოგის შედეგები განიხილეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ არაფორმალური კონსულტაციების დროს წამოყენებული იდეები მიუღებელია.

“მომლაპარაკებლებმა მოვუყევით ყველაფერი, რაც მოსაყოლი იყო არაფორმალურ განხილვებზე, მათ შორის, იმ იდეების კომპლექსზე, რომლითაც ხელისუფლება შემოდიოდა არაფორმალურ კონსულტაციებში და ის, რასაც ჩვენ ვპასუხობდით ამ კონსულტაციების დროს. მაგიდა შეთანხმდა, რომ ეს იდეები არის მიუღებელი და კომპრომისის მიღწევას არ აადვილებს. ამიტომ, სანამ განხილვას დავიწყებთ, კეთილი ინებონ, მეორე ბრიფინგიც გააკეთონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავიანთი წინადადების შესახებ. სანამ ეს არ იქნება, არაფერია შეთავაზებული. მით უმეტეს, რომ ორივე მხარეს, ფასილიტატორების წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ ჩვენ არცერთი იდეას არ გავიტანთ მაგიდის გარეთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თმით, საკითხის განხილვას თან უნდა ერთვოდეს ახსნა-განმატება იმის შესახებ, თუ რას აპირებს ხელისუფლება პოლიტპმატიმრებთან დაკავშირებით.

“ბოლოსდაბოლოს, თუ რაღაცის გაკეთებას აპირებენ, მარტივად გამოვიდნენ ჩვენთან ერთად, მოუყვნენ საზოგადოებას თავიანთი წინადადებები, ჩვენ კი 100%-იან არგუმენტაციას მოვიყვანთ, რატომ არ შეიძლება ამაზე დათანხმება”, – დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ოპოზიციის შემოთავაზებულ პრინციპს იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, პროპორციულსა და მაჟორიტარულ მანდატებს შორის გადანაწილების რა თანაფარდობაზეა თანახმა. ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წინადადებაა 110/40-ზე, რაც მათთვის მიუღებელია.

“ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც პროპორციულობას უზრუნველყოფს, არის 130/20-ზე და თუკი „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ პროპორციულობის პრინციპს, მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დასთანხმდეს”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.

“ევროპული საქართველო” მხარი დაუჭერს საარჩევნო სისტემის თანაფარდობას 130/20-ზე იმ შემთხვევაშიც, თუ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლებიან, თუმცა აცხადებს, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმება და ვითარების ნორმალიზება არ იქნება.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ 125/25-ზე გადანაწილებაც “არ არის მუღებელი”.

“თუ დროში ვერ მოვასწრებთ საბოლოო შეთანხმებას მაჟორიტარების და პროპორციული მანდატების ციფრების შეთანხმებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია დაიწყოს 110/40-ზე კანონპროექტის ინიცირება და საკონსტიტუციო განხილვების დროს კონსესუსი იქნას მიღწეული მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი