ახალი ამბები

130/20-ზე ვარიანტს მხარს დავუჭერთ – ბოკერია

2 მარტი, 2020 • 957
130/20-ზე ვარიანტს მხარს დავუჭერთ – ბოკერია

“ევროპული საქართველო” მხარი დაუჭერს საარჩევნო სისტემის თანაფარდობას 130/20-ზე იმ შემთხვევაშიც, თუ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლებიან.

თუმცა, როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, ხელისუფლებასთან შეთანხმება და ვითარების ნორმალიზაცია ვერ მოხდება ორივე კომპონენტის გათვალისწინების გარეშე, რაც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას და “არსებითად პროპორციული სისტემას, რაც არის მაგალითად 130/20-ზე”.

“მაგრამ პროპორციული სისტემა რომ შემოიტანს ხვალ ივანიშვილმა, არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან არ ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდგომაროებაში იმის თქმით, რომ რახან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთო”, – განაცხადა ბოკერიამ.

მან განმარტება გააკეთა გიორგი კანდელაკის განცხადებაზე, რომ “ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც პროპორციულობას უზრუნველყოფს, არის 130/20-ზე და თუკი „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ პროპორციულობის პრინციპს, მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დასთანხმდეს”.

“ნორმალიზაციის გარეშე თუ შემოაგდებენ 130/20-ზე ვარიანტს, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმიტომ, რომ უგულავაც იმიტომ დაიჭირეს და პოლიტპატიმრებსაც იმიტომ არ უშვებენ, რომ არ უნდათ ამ ტიპის ნორმალიზაცია, ხმას მივცემთ, ამ სალაპარაკოს არ დავუტოვებთ გარეთ, რომ დაასუსტონ ოპოზიცია. ეს არის, რაც თქვა გიორგი კანდელაკმა. ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” 110/40-ზე ვარიანტს მხარს არ დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი