ლორა თორნტონი “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის პოსტს ტოვებს.
ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “NDI-საქართველოს” ოფისში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი დაწყებულია. “NDI-საქართველოს” დირექტორები, როგორც წესი, 5-6 წელიწადში იცვლებიან. “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” საქართველოს ოფისში ამბობენ, რომ ამჯერადაც გეგმიურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე.
ლორა თორნტონი საქმიანობას სტოკჰოლმში, სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ში გააგრძელებს, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით მუშაობს.
ლორა თორნტონი NDI-ის 1998 წელს შეუერთდა, 2014 წლიდან კი საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობს. საქართველოში მისიამდე ის ხელმძღვანელობდა NDI-ის ოფისებს კამბოჯაში, ტაილანდსა და მალაიზიაში.