ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი დააკავა

29 თებერვალი, 2020 • 1719
ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მერი დააკავეს. სუს-ის ცნობითვე, გიორგი გოგიჩაიშვილსა და ლევან ლიპარტიას გარდა, მათ  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი მოქალაქეც დააკავეს. 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე
გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა  20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს,”-აცხადებენ სუს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს
10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. სუს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

“გამოძიება  დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს),”-აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი