ახალი ამბები

“ჯერ არ გვაქვს შედეგი” – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დასრულდა

28 თებერვალი, 2020 • 1103
“ჯერ არ გვაქვს შედეგი” – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დასრულდა

დასრულდა რამდენიმესაათიანი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც 28 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ, ჯერჯერობით, “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, რადგან ეს იყო არაფორმალური შეხვედრა. ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ დროს, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა.

“ერთი კვირაა დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად. არსებული სისტემითაც რომ ჩატარდეს არჩევნები, მზად ვარ, გავიმარჯვოთ ოპოზიციამ. ოპოზიციურ ერთობას ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერ მხარს”, – თქვა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, კანონმდებლებს ერთ კვირაზე ნაკლები დრო აქვთ დარჩენილი. ამის შემდეგ კანონმდებლობა ცვლილების საშუალებას არ იძლევა, რადგან არჩევნებამდე დაცული უნდა იყოს შესაბამისი ვადები. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა სწორედ ამ მცირე დროზე გაამახვილეს ყურადღება.

“არაფერი არსებითად არ შეცვლილა იმ ვითარების შემდეგ, რაც ბოლოს გესაუბრეთ. თუ ვითარება შეიცვლება, ივანიშვილი მოვა გონს და გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ვითარების განსამუხტად, ოპოზიცია მოწადინებულია, რომ განიმუხტოს ვითარება. ვითარების განმუხტვას სჭირდება ორი რამ – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და გონივრული კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე. ეს კომპრომისი არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნიშნავს”, – უთხრა ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

სხვების მსგავსად, გრიგოლ ვაშაძემ, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმაც თქვა, რომ “არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა არ ყოფილა. აზრების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა იყო.”

“ლელოს” წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე “შეთანხმების რესურსი არსებობს”. მისივე განმარტებით, ცოტ-ცოტა დათმობა ყველა მხრიდან არის საჭირო. უსუფაშვილის შეფასებით, ბოლო კვირის მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” დათმობისთვის მზად არის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ყოფილ წევრს, მარიამ ჯაშს, მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” პოზიციები უფრო მეტად პროპორციული სისტემისკენ შეიცვალა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი