ახალი ამბები

საქართველო თურქეთს სოლიდარობას უცხადებს იდლიბში თავდასხმის გამო

28 თებერვალი, 2020 • 1199
საქართველო თურქეთს სოლიდარობას უცხადებს იდლიბში თავდასხმის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში, იდლიბში ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების გამო საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკას.

თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დღეს სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით“, – წერს სამინისტრო.

„მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მხარეებმა გამოხატეს იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩართულობაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ვითარების დეესკალაცია.

ვრცლად სირიაში განვითარებულ მოვლენებზე:

სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი