ახალი ამბებიგართობა

„ამხანაგებო, თქვენს წინაშეა სუპერმენი“ – სუპერგმირი სსრკ-ში

28 თებერვალი, 2020 • 2942
„ამხანაგებო, თქვენს წინაშეა სუპერმენი“ – სუპერგმირი სსრკ-ში

ამერიკულმა DC Comics-მა Warner Brothers-თან ერთად სუპერმენის ახალი ანიმაციური ეკრანიზაცია გამოუშვა: „სუპერმენი: წითელი ვაჟი“ (Superman: Red Son).

25 თებერვალს გამოსულ ფილმში მოქმედება სსრკ-ში II მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის პერიოდში ვითარდება.

სუპერმენის მშობლიური პლანეტის, კრიპტონის განადგურების შემდეგ, კალ-ელის (სუპერმენის სახელი კრიპტონზე) ხომალდი დედამიწაზე ეშვება, თუმცა კანზასის (სმოლვილის) ნაცვლად, ის საბჭოთა კავშირის მიწაზე აღმოჩნდება.

კალ-ელი იქ კომუნისტური პარტიის იდეალებით იზრდება და რამდენიმე წელიწადში იმპერიის მცველი – სუპერმენი — ხდება.

ფილმში სხვა ის პერსონაჟებიც არიან, რომლებსაც ერთგული გულშემატკივარი კარგად იცნობს: ქალი საოცრება (Wonder Woman), რომელიც თავიდან ასევე სუპერმენის მხარეს იბრძვის (ამ ეკრანიზაციაში ის ღიად ქვიარია); ბეტმენი, რომელიც კალ-ელის შიდა პოლიტიკური მეტოქეა; მწვანე ლამპარი (Green Lantern), ბრეინიაკი (Brainiac) და სხვები…

ჟურნალისტი ლოის ლეინი, რომელიც არაერთ ეკრანიზაციაში სუპერმენის პარტნიორია, ფილმის დასაწყისში ამერიკაში ცხოვრობს და ტრადიციული ანტაგონისტის, ლექს ლუთორის ცოლია. სუპერმენი მასთან პირველი შეხვედრისას ამბობს, რომ „პრესა ხალხის მტერია“ და უარს ეუბნება ინტერვიუზე.

ანიმაციური ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია იოსებ სტალინიც, რომელიც სუპერმენს „საბჭოთა დიად გმირს“ უწოდებს.

ფილმის პირველ წუთებში სტალინი კალ-ელს ასე წარუდგენს საზოგადოებას: „ამხანაგებო, თქვენს წინაშეა სუპერმენი“.

„სუპერმენი: წითელი ვაჟი“ კომიქსად პირველად 2003 წელს გამოვიდა. სცენარის ავტორი მარკ მილარია, მხატვრები კი დეივ ჯონსონი, ენდრიუ რობინსონი და სხვები არიან.

ახალი ანიმაციური ფილმის რეიტინგი IMDB-ზე არის 6.3/10, Rotten Tomatoes-ზე კი 84%. ფილმი საათი და 24 წუთი გრძელდება. ფილმის რეჟისორია ანიმატორი სემ ლიუ, რომელსაც DC-ის (ასევე მარველის) კომიქსების არაერთი ეკრანიზაცია აქვს შექმნილი, მათ შორის 2016 წლის „ბეტმენი – სასიკვდილო ხუმრობა“.

პოპ კულტურაზე ფოკუსირებული გამოცემა IGN-ის შეფასებით, ახალი ფილმი DC-ის ანიმაციური ფილმოგრაფიის ბოლო წლების ერთ-ერთი ძლიერი დანამატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი