ახალი ამბებიგართობა

DC Comics-ის თქმით, ახალი სუპერმენი ბისექსუალი იქნება

12 ოქტომბერი, 2021 • 1934
DC Comics-ის თქმით, ახალი სუპერმენი ბისექსუალი იქნება

DC Comics-ის განცხადებით, სუპერმენის ბოლო ადაპტაციაში მთავარი გმირი ჯონ კენტი ბისექსუალი იქნება.

კომპანიის თქმით, მკითხველი ამის შესახებ კომიქსების სერიის შემდეგ გამოცემაში გაიგებს, რომელიც ნოემბერიდან გაიყიდება. კომპანიის თქმით, ჯონ კენტი ურთიერთობაში ამავე კომიქსის პერსონაჟთან, ჯეი ნაკამურასთან იქნება.

როგორც BBC წერს, ისტორია კომიქსების ახალი სერიის ფარგლებში განვითარდება, რომლის მთავარი პერსონაჟიც კლარკ კენტის ვაჟი, ჯონ კენტია, რომელიც სუპერმენის მანტიას მამისგან იღებს და მის მორგებას ცდილობს.

რაც შეეხება DC Comics-ის განცხადებას, კომპანიამ საზოგადოებას ამის შესახებ ქამინგ აუთის ეროვნულ დღეს ამცნო, რომელიც ლგბტ თემებზე ცნობიერების ამაღლების დღეა აშშ-ში.

ფოტო: DC Comics

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული სერიის დაწყებიდან დღემდე ჯონ კენტს უკვე არაერთ მნიშვენლოვან პრობლემურ თემასთან მოუხდა შეჭიდება. ის იბრძოდა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ტყის ხანძრების წინააღმდეგ, მან გადაარჩინა მოსწავლეები სკოლაში მასობრივი სროლისას და შეუერთდა პროტესტს მიგრანტების დეპორტაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მის პარტნიორს, ჯეი ნაკამურა რეპორტიორია. კომპანიის განცხადებით, წყვილი ერთმანეთს მომავალ, მეხუთე გამოცემაში დაუახლოვდება მას შემდეგ, რაც ჯონი ყველას გადარჩენის მცდელობისგან მენტალურად და ფიზიკურად გადაიტვირთება.

სიუჟეტის დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა DC-ის გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ პერსონაჟები ერთმანეთს კოცნიან.

კომიქსების ამ სერიის ავტორი ტომ ტეილორი BBC-სთან ამბობს, რომ როდესაც DC-მ ეს სამსახური შესთავაზა, ფიქრობდა, თუ როგორი უნდა იყოს სუპერმენი დღევანდელ სამყაროში. მისი თქმით, არ სურდა კრლარკ კენტი კიდევ ერთი თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი გმირით, თუმცა მანამ, სანამ ახალი სუპერმენის სექსუალურ ორიენტაციაზე კომპანიას საკუთარ ხედვას გააცნობდა, გაიგო, რომ DC Comics-ში ამ თემაზე უკვე ფიქრობდნენ.

DC Comics

მისი თქმით, მიუხედავად სოციალურ ქსელებში ე.წ. ტროლებისგან შეტევებისა, სიუჟეტზე გამოხმაურებები მეტად პოზიტიური იყო:

“ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კომიქსები პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ყველა კომიქსი გარკვეულწილად პოლიტიკურია.

ისინი ვერ იაზრებენ, რომ მაგალითად, Marvel-ის X-men სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის ანალოგი იყო. კომიქსებს იმისთვის ვქმნით, რომ ადამიანებმა წაიკითხონ და თქვან ეს გმირი მე მგავს, სუპერმენი იმისთვის იბრძვის, რაც მე მაღელვებს”, — ამბობს კომიქსის ავტორი BBC-სთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი