ახალი ამბები

გლოვის დღე — 8 მარტს ბალყარელების გადასახლების 76-ე წლისთავს აღნიშნავენ

8 მარტი, 2020 • 1598
გლოვის დღე — 8 მარტს ბალყარელების გადასახლების 76-ე წლისთავს აღნიშნავენ

ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ბალყარელები, სხვა ხალხებთან ერთად, სსრკ-ის მიერ ბალყარელი ხალხის ცენტრალურ აზიაში გადასახლების 76-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ბალყარელები მეტწილად მუსლიმი ხალხია, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში შემავალი ფედერაციულ ერთეულში, ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 110 000-ს აღწევს.

ყოველ წელს, 8 მარტს, ყაბარდო-ბალყარეთის მეჩეთებში აღავლენენ ლოცვებს იმ ადამიანების მოსახსენიებლად, ვინც 1944 წელს ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადასახლებისას დაიღუპა. ამ დღეს სსრკ-ის დაშლის შემდეგ აღნიშნავენ.

1944 წლის 8 მარტს, რეჟიმის გადაწყვეტილებით, 38 000-მდე ბალყარელის გადასახლება დაიწყო. მათ ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციაში სდებდნენ ბრალს. ისინი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

სსრკ-ის ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გზაში 562 ადამიანი დაიღუპა, თუმცა გაცილებით დიდი მსხვერპლი მოჰყვა გადასახლებაში, „შრომა-გასწორების ბანაკებში“ გატარებულ წლებს. სხვადასხვა მონაცემებით, სასტიკ რეპრესიებს 7,600-ზე მეტი ბალყარელი ემსხვერპლა.

ისინი, ვინც დეპორტაციას გადაურჩნენ, 1957 წელს დაბრუნდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ, ნიკიტა ხრუშჩოვისეულ „დესტალინიზაციის“ პერიოდში ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ასსრ) რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ფრთის ქვეშ აღადგინა.

წელს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 8 მარტს, გლოვის დღის აღნიშვნის ნაცვლად, ყაბარდო-ბალყარეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ საზეიმო ღონისძიება ჩანიშნა.

გამოცემა OC Media, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს აშუქებს, იუწყება, კრიტიკულად განწყობილ ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება არ აღიარებს დეპორტირებული ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და მათს ხსოვნას, ისევე, როგორც საზოგადოების საერთო მეხსიერებას, პატივს არ სცემს.


1944 წლის რეპრესიები ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებსაც შეეხო: 23 თებერვალს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ბრძანებით ცენტრალურ აზიაში — ყაზახეთსა და ყირგიზეთში – გადაასახლეს ჩეჩნები და ინგუშები — ვაინახები. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იკრიბებიან ჩეჩნები და ინგუშები და რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

წლების განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავდნენ ჩეჩნეთშიც, თუმცა 2012 წელს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 23 თებერვალი „მამულის მცველთა დღედ“ გამოაცხადა. კადიროვმა დეპორტაციის წლისთავის აღნიშვნა გადაიტანა 10 მაისს — იმ დღეს, რომელიც მამამისის, ახმად კადიროვის დაკრძალვის დღეა.

ვრცლად ამ საკითხზე:

დღეს ვაინახების დეპორტაციის 76-ე წლისთავს აღნიშნავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი