48 წლის გერმან სტერლიგოვი რუსეთში არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობითაა ცნობილი. ის არის რუსეთში პირველი სასაქონლო ბირჟის “ალისას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც მოგვიანებით ჰოლდინგურ კომპანია “ალისად” ჩამოყალიბდა 84 შვილობილი კომპანიით.
2000 წლის დასაწყისიდან სტერლიგოვი რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთვება და სხვადასხვა დონის არჩევნებში მონაწილეობს. მათ შორის ცდილობდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა რეგისტრაციაში არ გაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ამის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას, დატოვა მოსკოვი და მოაწყო ფერმერული მეურნეობა “სლობოდა”.
სტერლიგოვი საკუთარ თავს მიიჩნევს მართლმადიდებელ ქრისტიანად, თუმცა აკრიტიკებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ამბობს, რომ მას ერეტიკოსებთან საქმე არ აქვს.
რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, მას კავშირი აქვს ნეონაცისტებთან. კერძოდ, 2015 წლის 15 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში “რუსი ნაციონალისტების საბრძოლო ორგანიზაციის” (БОРН/ბორნი) ერთ-ერთი ლიდერის საქმის პროკურორმა გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ სტერლიგოვის მამულებში იგეგმება საზაფხულო სამხედრო ბანაკის მოწყობა ბოევიკების გასაწვრთნელად. ამის გამო რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
4 ივლისს გერმან სტერლიგოვი ოჯახთან ერთად ყარაბაღში გაემგზავრა. მეორე დღეს კი სოციალურ ქსელში “ვკონტაქტე” “სლობოდაში” მისი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა აჭედილი ფანჯრებით, სადაც ასეთი მინაწერი იყო: “ცინცხალი ფოტოები სლობოდადან რუსეთის მტრების გასახარად. ნაადრევად გიხარიათ – დადგება დრო და ჩვენ დავბრუნდებით. დიდება იესო ქრისტეს!”
ყარაბაღის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტერლიგოვი ოჯახთან ერთად იქ ტურისტის სტატუსით იმყოფება, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით რუსი ბიზნესმენი მიწის ფართებს ეძებს ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად.
ამას გარდა, თავად სტერლიგოვი სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს პოსტებს, რომ შეიძინა წისქვილი ყარაბაღი, გახსნა სამოდელი სახლი მისი ცოლისთვის – ანგელა სტერლიგოვასთვის და ა.შ.
13 ივლისს რუსმა ბიზნესმენმა ყარაბაღში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყარაბაღში ცნობილი ქველმოქმედის, ლევონ აირაპეტიანის მიერ ნაჩუქარი ცხენით მოვიდა თავის ვაჟებთან ერთად. თავად აირაპეტიანი მოსკოვში შინა პატიმრობაში იმყოფება.
პრესკონფერენციაზე სტერლიგოვმა განაცხადა, რომ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა რუსეთი, რადგან, როგორც ამბობს, არაერთი მუქარა მიიღო და მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა.
სტერლიგოვმა კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი ნაცისტურ დაჯგუფება “ბორნთან”: “იმის შესახებ, თუ რა არის “ბორნი”, ერთი კვირის წინ შევიტყვე ჩემი შვილისგან. მანამდე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ფილმის “ბორნის ევოლუციის” გმირის სახელი ან რაღაც ასეთი. გაირკვა, რომ ასე უწოდებენ რუს ნაციონალისტებს”, – განაცხადა სტერლიგოვმა.
მისივე თქმით, ამის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი საფუძველი არ აქვს და უბრალოდ ვიღაცას სურს ამ საქმეში მისი ჩათრევა.
პუტინის მომხრედ მიჩნეულმა მულტიმილიონერმა სტერლიგოვმა პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას მისი მტერი – კრემლის “რუხი კარდინალი”, რუსეთის პრეზიდენტის თანაშეწმე, “რეალურად კი რუსეთის მმართველი” ვლადისლავ სურკოვი, რომელთანაც, სტერლიგოვის თქმით, მტრული ურთიერთობა აქვს ჯერ კიდევ 1990ი-ანი წლებიდან.
“საუბარია ბიზნეს-ინტერესების შეჯახებაზე. ამის შემდეგ სურკოვი ეძებს შესაფერის შემთხვევას კონტრდარტყმის მისაყენებლად”, – განაცხადა სტერლიგოვმა. მისივე თქმით, ეს შემთხვევა იყო 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობისთვის სტერლიგოვმა, როგორც თავად ამბობს, მთელი თავისი ქონება ჩადო, თუმცა სურკოვის ძალისხმევით ჩამოაშორეს წინასაარჩევნო კამპანიას.
თავის ბიოგრაფიაში 2004-08 წლებს სურკოვი მის მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერს: “ეკლესიის ვირთხასავით ღატაკი. მთელი ამ ხნის მანძილზე – თავისუფალი ცხოვრება მოჟაისკის რაიონში”.
სტერლიგოვი, რომელიც ხუთი შვილის მამა, ამბობს, რომ განდეგილის ცხოვრება იდეალურია არა მხოლოდ მისთვის, არამედ – მისი შვილებისთვისაც.
სტერლიგოვის თქმით, სურკოვის პერსონა მასთან კავშირში ისევ 2011 წლის შემოდგომაზე ამოტივტივდა, როცა რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა.
“პრეზიდენტის თანაშემწე სურკოვი უფრო ეხმარებოდა ოპოზიციას ხელისუფლების ჩამოგდებაში, ვიდრე – ხელს უშლიდა. გადამწყვეტი მიტინგი დაინიშნა 24 დეკემბერს სახაროვის მოედანზე, სადაც კადიროვის მიერ მოსკოვში სურკოვის თხოვნით გამოგზავნილ ჩეჩნებს უნდა ესროლათ ტრიბუნაზე მდგომი ოპოზიციონერი აქტივისტი ნავალნისა და მისი მომხრეებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი აღკვეთილ იქნა”, – აცხადებს სტერლიგოვი. მისივე თქმით, მიტინგამდე ორი დღით ადრე მან რადიოში მოისმინა სურკოვის გამოსვლა, რომელიც ოპოზიციას იცავდა და არწმუნდა, რომ “პუტინის წინააღმდეგ ხდება შეთქმულების ორგანიზება, რაც შეიძლება დასრულებულიყო მისი მკვლელობით”, რაზეც სტერლიგოვმა სოციალურ ქსელებში დაწერა.
მისივე თქმით, “შეთქმულება არის სურკოვისა და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთობლივი პროგრამა და მანამ, სანამ CIA-ს მიერ ხელდასმული, მეხუთე კოლონის ხელმძღვანელი კრემლში ზის, რუსეთს და რუს ხალხს საფრთხე ემუქრება”.
პრესკონფერენციაზე სტერლიგოვმა თავისი ელექტრონული ავიაბილეთი წარმოადგინა 16 ივლისს მოსკოვის მიმართულებით ავიარეისზე. მან განაცხადა, რომ ამით, პირველ რიგში, გააქარწყლებს ეჭვს, რომ ემალება მართლმსაჯულებას და მეორეც – რომ არ შეუქმნას პრობლემები სომეხ მეგობრებსა და ყარაბაღის მთავრობას.
პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ოჯახს ტოვებს საიმედო ქვეყანაში, ყარაბაღში და მოსკოვში რამდენიმედღიანი ვიზიტის შემდეგ თავადაც დაბრუნდება ყარაბაღში.
23 ივლისს სტერლიგოვმა ვკონტაქტეში დაპოსტა, რომ მართლაც ჩავიდა მოსკოვში:
“როგორც დაგპირდით, ჩავფრინდი მოსკოვში, ჩავატარე დიდი ბრიფინგი შერემეტიევოს აეროპორტში, 16, 17, 18 ივლისს ვხვდებოდი ხალხს, ვიძლეოდი ინტერვიუებს, გამოვდიოდი პირდაპირ ეთერში, 18 ივლისს მივიღე ასამდე სტუმარი ჩემთან სლობოდაში. მოსკოვში სამდღიანი ჩემი ყოფნის შემდეგ გაცნობებთ, რომ რუსეთის სამართალდამცავებს არ გამოუვლენიათ ჩემდამი არანაირი ინტერესი. მიმაჩნია, რომ თემა ამოწურულია და ვბრუნდები მთიან ყარაბაღში ჩემს ცოლთან და შვილებთან”.
სტერლიგოვი მიიჩნევს, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ურთიერთობა რუსეთსა და ყარაბაღს შორის და ამ მიმართულებით მან უკვე გადადგა ნაბიჯი: კერძოდ, 10 ვლისს დაარეგისტრირა რუსულ-ყარაბაღული სავაჭრო სახლი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ექსპორტს განახორციელებს რუსეთში.
ამასთან, ყარაბაღში გახსნილ წისქვილში სტერლიგოვი უკვე ყიდის ფქვილს და პურს, ასევე, ყარაბაღში წარმოებულ წვენებსა და ღვინოებზე განათავსა ეტიკეტები, წარწერით – “ყარაბაღიდან – გერმან სტერლიგოვისგან”.
რუსი მულტიმილიონერის ყარაბაღში გადასახლების თემა აქტიური განხილვის საგანია ყარაბაღში, სადაც ბევრ ადამიანს დღემდე აინტერესებს, სინამდვილეში რა დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ ეძლევა სტერლიგოვსა და მის ოჯახს ასეთი თავისუფლება და პრივილეგიები. ნათელია მხოლოდ ერთია – რუსმა ფერმერმა ამ დღეების მანძილზე უკვე მოასწრო, რომ ყარაბაღის საკმაოდ შთამბეჭდავი პიარი გაეკეთებინა.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |