ახალი ამბები

ჯონათან კაცი: დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება

26 თებერვალი, 2020 • 2232
ჯონათან კაცი: დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება

გერმანიის მარშალის ფონდში გაიმართა კონფერენცია “საქართველოს დემოკრატიულ კურსზე დარჩენა”, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ტელეხიდის მეშვეობით გაესაუბრნენ. კონფერენციის შესახებ გთავაზობთ “ამერიკის ხმის” სტატიას.


შეერთებულ შტატებში, გერმანიის მარშალის ფონდში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ტელეხიდით ესაუბრნენ.

კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიულ კურსზე დარჩენა“ 25 თებერვალს გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოდან იღებდნენ “საერთაშორისო გამჭირვალობის” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი და დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების საერთაშირისო საზოგადოების (ISFED) დირექტორი მიხეილ ბენიძე.

დისკუსია შეეხო პროპორციული არჩევნების საკითხს და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას. გამართული დისკუსიის შემდეგ, ამერიკელმა მიმომხილველებმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასეს და საქართველოს მთავრობას საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდეს.

„ვფიქრობ, ამერიკის მთავრობის და კონგრესის წევრების მხრიდან ნათელი განცხადებები გაკეთდა, სადაც საუბარი იყო შეშფოთების მიზეზებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმაზე წინსვლის ნაკლებობა, დაკავებებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თაობაზე. ეს საკითხები რამდენიმე წერილში იყო ხაზგასმული. შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს საქართველოს მთავრობისგან სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. დღეს ამას არანაირი საზომით არ უჩანს პირი“, – უთხრა ჯონათან კაცმა, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა „ამერიკის ხმას“.

კაცი ამბობს, რომ დასავლეთის მიზანი ქართული საზოგადოების მხარდაჭერაა.

„დასავლეთს სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს, მაგრამ არსებობს მზარდი შეშფოთება. ადგილზე, თბილისში, ელჩების და სხვა დიპლომატების მცდელობა, ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, ქმნის ამის შესაძლებლობას. ბევრის მოსაზრებით ეს [ჩიხი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სვლას ემუქრება და უხსნის კარს კრემლის მცდელობას, მეტად ჩაერიოს. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, მათი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის და მათი სურვილის, რომ დემოკრატიაში იცხოვრონ. ახლა მთავრობაში მყოფი ხალხის და ოპოზიციის ჯერია, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. საქართველოსთვის ეს კრიტიკული მომენტია და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება“, – თქვა მან.

ჯონათან კაცის თქმით, დასავლეთი ყურადღებით დააკვირდება, მომავალში როგორ განვითარდება  საქართველოში პოლიტიკური მოვლენები. მან აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო სისტემის გარშემო შეთანხმება ვერ მოხერხდება, „ქართულ ოცნებას“ დასავლელი პარტნიორებისთვის გაუჭირდება იმის ახსნა, „თუ რატომ აყენებს პარტიის და ცალკეული პირების ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ“.

„იმ განცხადებებიდან, რომელიც ვიხილეთ, ჩანს, რომ დასავლელი პარტნიორები არ ახდენენ [საქართველოში] მიმდინარე მოვლენების იგნორირებას და ველი, რომ ზეწოლა და მთავრობის ჩართულობისკენ მოწოდება არ დასრულება. თუ ეს სტატუს- კვო შენარჩუნდება, საქართველოსთვის და განსაკუთრებით ქართული ოცნებისთვის, უფრო და უფრო რთული გახდება აუხსნას მის პარნტიორებს, რომ რასაც ახლა აკეთებენ, ამას საქართველო სწორი მიმართულებით მიჰყავს. ცალკეული პირების და პარტიის ინტერესების წინ დაყენება  საქართველოსა და ქართველ ხალხზე, დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია“, – აცხადებს კაცი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი მირიამ ლანსკოი. ლანსკოიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნები ამის გარანტიაა.

„ დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, საქართველოს აქვს ერთი პარტიის დომინირებისა და მმართველობის ისტორია. ერთი პარტია აკონტროლებდა მთავრობის ყველა შტოს და ნაწილს, პრეზიდენტიდან დაწყებული მოსამართლეების დანიშვნით დამთავრებული. ეს რომ შეიცვალოს და შეიქმნას კოალიციის და კომპრომისების შესაძლებლობა, მოხერხდეს იმ პოლარიზაციის დასრულება, რაც დღესაა, ამისთვის საჭიროა ახალ და განსახვავებულ მოთამაშეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ პოლიტიკაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მოსწონს მმართველი პარტია, მაგრამ არ მოსწონს ასევე ტრადიციული ოპოზიცია. მათ სურთ ახალი შესაძლებლობები და ვარიანტები ჰქონდეთ. მონაწილეებმა დღეს კარგად აღნიშნეს, რომ პროპორციული სისტემა საჭიროა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მიეცეთ ახალ ადამიანებს და მოძრაობებს, რათა ისინი პოლიტიკაში ჩაერთონ… ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ მთავრობა ძალაუფლებას დაკარგავს, ეს ნიშნავს ეტაპობრივად უფრო მეტი მოთამაშის ჩართულობას“, – ამბობს ლანსკოი.

საარჩევნო რეფორმის გატარებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწოდებით,  შეერთებულ შტატებში, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, სენატორები, კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგისკენ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი