ახალი ამბები

კალანდიას ბრალი დამტკიცდა, პოლიტიკურ სპეკულაციებში არ შევალთ – პროკურორი

25 თებერვალი, 2020 • 1850
კალანდიას ბრალი დამტკიცდა, პოლიტიკურ სპეკულაციებში არ შევალთ – პროკურორი

ხორავას საქმის პროკურორი ბესო ქვარცხავა აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არაერთი მტკიცებულებით მტკიცდება, რის გამოც მიიღო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდების მხარე პოლიტიკურ სპეკულაციებში დაცვის მხარეს არ აჰყვება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე 25 თებერვლის ვერდიქტით მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, მას პატიმრობაში 11 წლის და 3 თვის გატარება მოუწევს.

დაცვის მხარის განცხადებით, ვერდიქტს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. „გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ. ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს“, – განაცხადა კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ.

საქმის პროკურორმა ბესო ქვარცხამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში.

„ბრალდების მხარის მიერ 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და გამოკვეული იქნა 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთმტკიცება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულებება, შესაბამისად, ეს მტკიცებულებები სრულად გაიზიარა სასამართლომ და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“, – განაცხადა პროკურორმა.

„რა თქმა უნდა, ოჯახის თუ დაცვის მხარის განცხადებებში, რაც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციას, არ შევალთ, რადგან ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს“, – განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოადგენილი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა და „განაჩენით დადასტურდა, რომ მიხეილ კალანდია იყო აღმსრულებელი, თანააღსმრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“.

ვინ არის მიხეილ კალანდია?

კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ჩხუბში ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. თვეების განმავლობაში კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, რასაც სარალიძის მამა აპროტესტებდა.

კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2018 წელს შეიქმნა პარლამენტში.

კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი და არ ჩაატარეს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად. დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ კალანდიას დაკავება იყო.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას — ის საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით სამართალი აღდგა. დღევანდელ ვერდიქტზე მას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი