ახალი ამბები

„ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს“ – კალანდიას მამა ვერდიქტზე

25 თებერვალი, 2020 • 1342
„ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს“ – კალანდიას მამა ვერდიქტზე

დაცვის მხარის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერდიქტს, რომლითაც ხორავას საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 11 წლის გატარება მოუწევს საპატიმროში, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიას თქმით, მისი შვილის დამნაშავედ ცნობა სახელმწიფო უწყებების ინტერესი იყო: „ეს იყო პროკურატურის, სასამართლოს, შსს-ს და „ქართული ოცნების“ ინტერესი“.

„გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ. ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს… ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს — ექვსშვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც ნაცნობობა“, – განაცხადა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ თენგიზ კალანდიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე 25 თებერვლის ვერდიქტით მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პატიმრობაში 11 წლის გატარება მოუწევს.

კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ჩხუბში ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. თვეების განმავლობაში კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, რასაც სარალიძის მამა აპროტესტებდა.

კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2018 წელს შეიქმნა პარლამენტში.

კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი და არ ჩაატარეს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად. დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ კალანდიას დაკავება იყო.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას — ის საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით სამართალი აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი