ნეტგაზეთი | პროკურატურის თანამშრომელთა ნაწილს ხელფასი 500 ლარით გაეზარდა პროკურატურის თანამშრომელთა ნაწილს ხელფასი 500 ლარით გაეზარდა – Netgazeti

პროკურატურის თანამშრომელთა ნაწილს ხელფასი 500 ლარით გაეზარდა

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ. აღნიშნული ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს – საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს, რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს და სტაჟირებაზე მყოფ პირებს. ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და, შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ.

“პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.