ახალი ამბები

ჩინეთის 2 მოქალაქე კორონავირუსის რისკჯგუფში არ აღმოჩნდა

24 თებერვალი, 2020 • 1588
ჩინეთის 2 მოქალაქე კორონავირუსის რისკჯგუფში არ აღმოჩნდა

მგზავრები, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი შეყოვნდა, კორონავირუსის რისკჯგუფში არ აღმოჩნდნენ.

თბილისი-ბათუმის მატარებლის ახალი შემადგენლობა ბათუმში მათ გარეშე წავიდა.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ ყვლა დანარჩენმა მგზავრმა თბილისის ცენტრალური სადგური ახალი შემადგენლობით დატოვა. 2 პირი კი, რომელთა გამოც სასწრაფო გამოიძახეს, ამ დრომდე რკინიგზის სადგურზე რჩებიან და შესაბამის პროცედურებს გადიან.

სასწრაფო დახმარების სამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ორი მგზავრიდან არცერთი კორონვირუსის რისკჯგუფში არ არის და მათი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

იგივე დაუდასტურა „ნეტგაზეთს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ამ ადამიანებმა 5 კვირის წინ დატოვეს ჩინეთი, საქართველომდე არაერთ ქვეყანაში იმყოფებოდნენ და არანაირ რისკს არ წარმოადგენდნენ.

თბილისი-ბათუმის მატარებელი ერთი საათის განმავლობაში თბილისიდან ვერ გავიდა. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ ორ მგზავრს, რომლებიც მგზავრების აზრითვე, ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, სავარაუდოდ, გრიპის ნიშნები ჰქონდათ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დაცალეს.

თუმცა იმ დროისთვის დადასტურებული არ იყო არც მგზავრების მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდნენ თუ არა ბოლო პერიოდში ჩინეთში.

პაატა იმნაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში გააკრიტიკა ამ ამბის მედიაგაშუქება და სამარცხვინო ქსენოფობია უწოდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი