ახალი ამბები

’’ოლიმპიური სოფლის’’ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

24 ივლისი, 2015 •
’’ოლიმპიური სოფლის’’  ახალაშენებულ კორპუსებში  ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

 

298 ბინიდან, 16-ერთოთახიანია, 116-ოროთახიანი, 82-სამოთახიანი და 84-ოთხოთახიანი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა.  აღნიშნული ქულები ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე. სიის სანახავად, გადადით ბმულზე.

 

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, სამინისტროში წარადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას (კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე).

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ. აღნიშნული განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას.

 

მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელიც განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინების  განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

 

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

 

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი