ახალი ამბები

არ დავარქმევდი, რომ თავი ავარიდე – მინისტრი განმარტება პარლამენტში არმისვლაზე

24 თებერვალი, 2020 • 1110
არ დავარქმევდი, რომ თავი ავარიდე – მინისტრი განმარტება პარლამენტში არმისვლაზე

ფინანსთა მინისტრ ვანო ვაჭავარიანის თქმით, “მინისტრის საათის” ფორმატში უკვე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც ფრაქცია “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”  კომიტეტში მიიწვიეს.  როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, როდესაც  პარლამენტში გამოსვლისას ამ საკითხებზე საუბრობდა, ეს დეპუტატები დარბაზში არ იყვნენ.

“არ დავარქმევდი, რომ თავი ავარიდე [პარლამენტში მისვლას]. მესმის, შესაძლოა რეგლამეტით ვალდებული ვარ, რომ მივიდე, მაგრამ ამ საკითხს შემდეგნაირად უნდა შევხედოთ: რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც დასმული იყო საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში.

ნახეთ, რომ, პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს… არც კი იყვნენ [იქ]… ეს ნიშნავს, რომ ამ კითხვებზე პასუხის შინაარსი კი არ აინტერესებდათ, არამედ, ალბათ, საკომიტეტო ფორმატი მეტი სპეკულირების [საშუალებას] იძლევა.”

ფინანსთა მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ პარლამენტის რეგლამენტიც გადასახედია, რომელიც მინისტრებს ავალდებულებს, ფრაქციების სურვილის შემთხვევაში კომიტეტზე მივიდნენ და წინასწარ გაგზავნილ საკითხებზე ისაუბრონ.

“როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე გაცილებით გაშლილად და დეტალურად ვსაუბრობ, ერთ კითხვასაც არ გისვამენ.. დარბაზში არც კი ჩერდებიან, რომ მოგისმინონ. ანუ ეს რეგლამენტი სულ სხვა რაღაცებისთვის გამოიყენება. ამიტომ მგონია, რომ ფუნდამეტშია გადასახედი”,-აცხადებს მაჭავარიანი.

დღეს, 24 თებერვალს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა. მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” მიიწვიეს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე.

კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე.

მისვლის შემთხვევაში, მაჭავარიანს შემდეგ საკითხებზე მოუწევდა საუბარი:

  • კერძო სატელევიზიო კომპანიების, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“, ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები;
  • საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია;
  • საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი