საქმე ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებაში ცვლილებები განხორციელდა და დაემატა 41 მუხლი, რომლის მიხედვით, საბჭოს მდივანს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომლებსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

პრემიერის ბრძანებები უკვე გამოიცა, რომელთა მიხედვით საბჭოს მდივნის სამი მოადგილის პოზიცია შემდეგ კანდიდატებზე გადანაწილდა: ალექსანდრე ჭიკაიძე (რომელიც შს მინისტრის პოსტიდან 2015 წლის იანვარში გადადგა), ლევან ღირსიაშვილი (რომელიც მაშინ, როცა მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად მუშაობდა, მისი მოადგილე იყო, ასევე, მოადგილის პოზიციას იკავებდა მას შემდეგ, რაც ჯანელიძე კრიზისების საბჭოს მდივნად დაინიშნა. იგი ითავსებდა საბჭოში საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასაც, საიდანაც გათავისუფლდა 2015 წლის 21 ივლისიდან) და კახა ოქროჯანაშვილი (რომელიც ღირსიაშვილის მსგავსად ჯანელიძის მოადგილე იყო ჯერ თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ – კრიზისების საბჭოში, თუმცა 21 ივლისიდან დათხოვნილია ამავე საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან).

 

პრემიერის ბრძანების მიხედვით, კრიზისების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტიდან დათხოვნილია გიორგი ღიბრაძე, რომელიც იმავდროულად კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და 13 ივნისის სტიქიის შემდეგ კრიზისების საბჭოს სახელით მართვდა ბრიფინგებს. იგი ამ დეპარტამენტის დირექტორის პოსტს ინარჩუნებს.

 

საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტიდან, ასევე, დათხოვილია ალექსანდრე რევია, თუმცა შეინარჩუნა ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოსტი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების მიხედვით, საბჭოში მოქმედებს ექვსი დეპარტამენტი:  საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი, შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი).

 

დებულების მიხედვით, კრიზისების საბჭოს მდივნის თანამდებობრივი სარგოა 3 200 ლარი, პირველი მოადგილის – 2 950 ლარი, მოადგილის – 2 925 ლარი, დეპარტამენტის დირექტორის – 2 900 ლარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *