ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებას ჭიათურის მაღაროებით დაზიანებული სოფლების დახმარებისკენ მოუწოდებენ

24 თებერვალი, 2020 • 1058
არასამთავრობოები ხელისუფლებას ჭიათურის მაღაროებით დაზიანებული სოფლების დახმარებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “მწვანე ალტერნატივა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, დაინტერესდეს ჭიათურის სოფლებში – შუქრუთსა და ითხვისში – შექმნილი ვითარებით.

ამასთან, ისინი ითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს. ორგანიზაციები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში  შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობას სასამართლოში სამართლებრივი დახმარება გაუწიონ.

ორგანიზაციების ინფორმაციით,  შუქრუთში “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. მოსახლეობა  „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას ითხოვს, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა.

“შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის მაღაროების ბლოკირებისა და მათი მუშაობის შეფერხების ფორმით. “ჯორჯიან მანგანეზთან” ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილების ფონზე, შუქრუთის მოსახლეობა სთხოვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, უშუამდგომლოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

გუშინ, 23 თებერვალს, მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურენო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

არასამთავრობოების თქმით, მათ არაერთხელ მოუწოდეს სახელმწიფოს, “ეზრუნა მაღაროების ფუნქციონირებით სოფლებისთვის მიყენებული ზიანის დადგენაზე და დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწვავე პრობლემებზე, რომლის წინაშეც შუქრუთელები და ითხვისელები დგანან”.

განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთსა და ითხვისში არსებული კრიზისული ვითარება და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი რჩება.

ხელმომწერი ორგანიზაციები შემდეგ უწყებებსაც მიმართავენ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • დაინტერესდეს შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშაოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროობა;

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

  • შეისწავლოს შუქრუთსა და ითხვისში მაღაროების ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს, არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

  • შეამოწმოს, თუ რამდენად სრულდება შუქრუთსა და ითხვისში და მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

  • ჩაატაროს შუქრუთისა და ითხვისის მაღაროების პერიოდული სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობიდეპარტამენტს:

  • შუქრუთსა და ითხვისში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

„მანგანეზი“: ჭიათურის სოფელ შუქრუთში ზიანი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი