ახალი ამბები

ზურაბიშვილი ბრძოლებში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდის

23 თებერვალი, 2020 • 930
ზურაბიშვილი ბრძოლებში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

23 თებერვალს, იუნკრების დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის“.

„არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი [პარლამენტის შიდა ეზო], რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელია, არამედ, სხვა ადგილი, სადაც ცხრა აპრილს და ჩვენს ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს საერთო მემორიალი იქნება შემეცნებითი ადგილიც, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სკოლებიდან მისვლა, რათა პატივი მიაგონ იუნკრების ხსოვნას, „გაიგონ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“.

„ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა, რომელსაც ყოველდღიურად უნდ ვუფრთხილდებოდეთ. მათი ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას; გრძელდება დღესაც, როცა იტაცებენ 17 წლის ახალგაზრდას, სწორედ ისეთივე ახალგაზრდას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე და რომელიც ტაბახმელადან ომის დღიურებს წერდა. ესაა ჩვენი ბედი და ამ ბრძოლაში, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენობა ჰქვია ერთიანი და გულწრფელნი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იუნკრების შესახებ გირჩევთ:

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი