ახალი ამბები

„დეზერტირების ბაზარში“ ხორცის ცუდად შენახვის გამო 11 ობიექტი დააჯარიმეს

23 თებერვალი, 2020 • 1987
„დეზერტირების ბაზარში“ ხორცის ცუდად შენახვის გამო 11 ობიექტი დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ მისმა ინსპექტორებმა „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიზე ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს და აქედან 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დააჯარიმეს.

სააგენტოს ცნობითვე, 11 ობიექტიდან 4-ს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. „ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაციები“, – წერს სააგენტო.

სააგენტოს თანახმად, ეს ობიექტები მდებარეობს „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „გვირაბში“ (წინამძღვრიშვილის ქუჩა #133). „დეზერტირების ბაზარი“ დიდუბის აგრარული ბაზრის გავრცელებული სახელწოდებაა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე „გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია“ და მომხმარებელს მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი