ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა შედეგი გამოიღო დენის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ აქციებმა სომხეთში

23 ივლისი, 2015 • • 1350
რა შედეგი გამოიღო დენის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ აქციებმა სომხეთში

ხალხს, რომელიც აღშფოთებული იყო კომუნალური მომსახურების რეგულირების კომისიის გადაწყვეტილებით 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების თაობაზე, ორი კვირის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდა ერევნის ერთ-ერთი ცენტრალური, მარშალ ბაგრამიანის გამზირი, სადაც განთავსებულია პრეზიდენტის რეზიდენცია, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენიმე უცხოური საელჩო.  

 

სამართალდამცავებმა ორჯერ გამოიყენეს ძალა მანიფესტანტების დასაშლელად, ერთხელ – სპეცტექნიკა და წყლის ჭავლი, მეორედ უფრო რბილი ძალა გამოიყენეს.

 

საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც განაცხადა, რომ სჭირდება ახალი სტრატეგიის შემუშავება მარეგულირებელი ორგანოს არაპოპულარული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა. თუმცა იქვე დასრულდა ყველაფერი. ხალხი მიიჩნევს, რომ ახალგამოჩენილი ლიდერები სუფთა სოციალური ბუნტის პოლიტიზებას ცდილობდნენ და ეს ასე ამიტომაც მოხდა.

აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 20.06.2015
აქცია ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, 20.06.2015

 

ორკვირიანი ბრძოლა ხელისუფლებასთან არ შეიძლებოდა უშედეგო ყოფილიყო. უფრო მეტიც, საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა შედეგები, არც ერთ სხვა ბრძოლას სომხეთში ასეთი ხელშესახები შედეგები არ მოუტანია. მაგრამ ყველაფერს მივყვეთ თანმიმდევრობით.

 

მანიფესტანტები ითხოვდნენ არა მხოლოდ მარეგულირებლის გადაწყვეტილების გაუქმებას, არამედ ტარიფის გადახედვას მისი შემცირების მიზნით, ასევე, იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ძალა გამოიყენეს მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, 23 ივნისს.

 

მრავალათასიანმა საპროტესტო აქციებმა დედაქალაქის ცენტრში ის მოიტანა, რომ თავად პრეზიდენტმა დადო პირობა, კომპანია “სომხეთის ელექტროქსელებში” (რუსული კომპანია “ინტერ რაო იესის” შვილობილი კომპანია) ჩაატარებდა აუდიტს საერთაშორისო ინსპექტორების მონაწილეობით.

 

ამას გარდა, სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ 1 აგვისტოდან ხალხი არ გადაიხდის გაძვირებულ ტარიფს ელექტროენერგიაზე, შესაბამის ხარჯებს კი საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძალის გამოყენების თაობაზე ჟურნალისტების წინააღმდეგ, ანუ უნდა დაისაჯონ ისინი, რომლებმაც ხელი შეუშალეს მედიის საქმიანობას და დააზიანეს აუდიო და ვიდეოტექნიკა.

 

სხვათა შორის, თავის მხრივ, ერევანში საპროტესტო აქციებით სერიოზულად შეშფოთდა მოსკოვიც. იმისათვის, რომ აქ არ დაეშვათ მორიგი “ფერადი რევოლუცია”, კრემლმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომლებიც, როგორც ჩანს, ასევე სამოქალაქო აქტივისტების დამსახურებას უნდა მივაწეროთ. “ინტერ რაო იესი” აუდიტს დათანხმდა.

 

ასევე, მოსკოვმა განაცხადა სომხეთისთვის 200 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფის თაობაზე შეირაღებისთვის და სომხეთის მართლმსაჯულებას გადასცა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი პერმიაკოვი, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში ამ ქალაქში მთელი ოჯახი დახოცა.  

 

ამას გარდა, სომხეთის 2600 მოქალაქის მიმართ მოიხსნა რუსეთში შესვლაზე შეზღუდვა, რომლებმაც დაარღვიეს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადები. რა თქმა უნდა, შესაძლოა რაღაც დაემთხვა კიდეც დროში “ერევნულ მაიდანს”, მაგრამ მსგავსი გამძაფრებული ყურადღება მოსკოვის მხრიდან სომხეთის მიმართ უბრალო შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება.

 

ახალგაზრდა აქტივისტების დამსახურებაა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ არ იქნა მიღებული განაცხადი წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ, რომლითაც მარეგულირებელს მიმართა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კომპანიამ. მართალია, კომპანიამ თავადვე თქვა უარი თავის განაცხადზე, მაგრამ აქ, როგორც იტყვიან, “უადგილობამ” ითამაშა როლი – რადგან სულ ახლახან დასრულდა მასობრივი საპროტესტო აქციები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო.

 

ბოლო “ლურსმანი” “სომხეთის ელექტროქსელებთან” დაკავშირებით იყო ჯარიმა 60 მილიონი დრამის (184 ათასი დოლარის) ოდენობით, რომელიც, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადოს რუსულმა კომპანიამ “სამსახურებრივი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და დარღვევების” გამო.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსალოდნელია უფრო რადიკალური ზომების გატარება კომპანიის მიმართ საერთაშორისო აუდიტის შემდეგ. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ აუცილებელი ზომები მიეღოთ ქსელში დანაკარგის შესამცირებლად, რომელიც 11%-ს აღემატება, სომხეთის ელექტროსისტემა ცდილობდა ეს ხარჯები დაეფარა მომხმარებლის ხარჯზე. მაგალითად, მეზობელ საქართველოში. ქართული წყაროების ცნობით, ასეთი დანაკარგის ხარჯი არ აღემატება 7%-ს. ელექტროენერგიაც იქ უფრო იაფი ღირს იმის მიუხედავად, რომ 1 აგვისტოდან საქართველოს რეგიონებშიც ძვირდება ელექტროენერგიის ტარიფი. მაგალითად, სომხეთში 1 აგვისტოდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 49 დრამი (10 ცენტი) იქნება, საქართველოს რეგიონებში კი, 12.95-დან 21.45 თეთრამდე (5.74-დან 9.51 ცენტამდე).

 

სომხები ელექტროენერგიაში თითქმის ყველაზე მეტს იხდიან პოსტსაბჭოთა სივრცეში (ლიტვის და ლატვიის გამოკლებით) და ეს იმ დროს, როცა სწორედ სომხეთში მუშაობს ატომური ელექტროსადგური და ქვეყანას თავად შეუძლია ელექტროენერგიის გაყიდვა, როგორც ამას აკეთებს ახლა ირანის შემთხვევაში და საჭიროების დროს – საქართველოსთან.

 

ამგვარად, სამოქალაქო მოძრაობის “არა ძარცვას!” ბრძოლის შედეგები სახეზეა. იმის მიუხედავად, რომ თავად აქტივისტები ამ შედეგებით არ არიან კმაყოფილი და პირობას დებენ, რომ განაახლებენ ბრძოლას ქუჩებში იმ შემთხვევაში, თუ სრულად არ შესრულდება სამივე მათი მოთხოვნა, ხალხს ესმის, რომ მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ბუნტის გარეშე ბაგრამიანის გამზირზე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

შესაძლოა, ზაფხულის სიცხემ სომხეთში გავლენა მოახდინა იმაზე, რომ მოძრაობამ “არა ძარცვას!” ტაიმ-აუტი აიღო. ორი-სამი თვის შემდეგ უნდა გასაჯაროვდეს სომხეთის ელექტროსისტემის აუდიტის შედეგები. ხალხი მათ მიერ დასმულ საკითხებზე პასუხს ელოდება და თუკი ეს პასუხები არ იქნება დამაკმაყოფილებელი, შესაძლოა კვალავაც მოხდეს ბაგრამიანის გამზირის და არა მხოლოდ ამ ქუჩის ბლოკირება.


მასალების გადაბეჭდვის წესი