ახალი ამბები

“ამ ჩემ პანორამას” – წარწერიანი მაისურები “პარტიზანების” ჯარიმის გადასახდელად გაიყიდება

23 ივლისი, 2015 •
“ამ ჩემ პანორამას” – წარწერიანი მაისურები “პარტიზანების” ჯარიმის გადასახდელად გაიყიდება

“დაგვეკისრა ჯარიმა 700 ლარი, ჯამში, შვიდნი გვცნეს დამნაშავედ და 300 ლარი გვაქვს საურავების ჯარიმა გადასახდელი, ეს საკმაოდ დიდი თანხა არის. ახლა ვფიქრობთ, რომ დავბეჭდოთ მაისურები, წარწერით “ამ ჩემ პანორამას” და ა.შ, რომელსაც გავყიდით და ასე მოვაგროვებთ გადასახდელ თანხას”, – განაცხადა ფერაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.


ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

 

მისი განცხადებით, “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციები გაგრძელდება. “შაბათს, 17:00 საათზე იმ ადგილას, სადაც მშენებლობა იგეგმება, ხმაურიანი აქცია მოეწყობა”.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გიორგაძის, მარიამ ნონიბაშვილის, ბესო კალაძის შემთხვევებში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ნატა ფერაძეს, ელენე მალაშევსკი-ჯაყელს, ირაკლი მგალობლიშვილს, ანა მამულაშვილს, კოსტა ჩაჩანიძეს, გიგა მაქარაშვილს და ვახო ქარელს 100-100 ლარი ჯარიმა დაეკისრათ.

 

აქცია “არა პანორამას” კვირას გაიმართა, რომლის მონაწილეების ნაწილი პოლიციამ დააკავა, რადგან მათ თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით, რომელიც უცენზურო სიტყვას შეიცავდა.

 

დაკავებულთა ადვოკატი, საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე დღევანდელი პროცესის დაწყებამდე აცხადებდა:

 

“დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით გვაქვს მილოდინი, რომ სასამართლო იტყვის, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს ამ ქვეყანაში, დაცულია ეს უფლება და თუ ეს ასეა, მაშინ არ უნდა ჩაითვალოს ის გამოხატვის ფორმა, რომელსაც ადგილი ქონდა 19 ივლისს, არ უნდა ჩაითვალოს წვრილმან ხულიგნობად. ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გამოიყენებს სანქციას და შეწყვეტს საქმეს, ვინაიდან არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები”.

 

ქურდოვანიძის თქმით, პროცესზე სასამართლომ მოისმინა არგუმენტები და გამოიკვლია მტკიცებულებები. მისი განცხადებით, ეს მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არ დგინდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და, შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული სანქცია. ამის მიუხედავად, სასამართლომ დაკავებულთა ნაწილის მიმართ სანქციები გამოიყენა.

 

პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ:

 

“დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ის სტანდარტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს, არა მხოლოდ ძალიან დაბლა დაწია, ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ეს უფლება გააუქმა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ. ეს ადამიანები დაჯარიმდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ეკავათ ხელში პლაკატი, რაც იყო გამოხატვის თავისუფლება და ამის გამო დაჯარიმება არ არის კანონიერი გადაწყვეტილება,”-ამბობს ადვოკატი.

 

ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება იმიტომ შეწყდა, რომ პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მათ ხელში პლაკატი ეჭირათ.

 

თბილისის საკრებულოსთან პროექტ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებმა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად ფურცლებზე მათაც იგივე წარწერა გააკეთეს.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი