ახალი ამბები

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

21 თებერვალი, 2020 • 1534
ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

ამ წუთებში საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეები ყველა საჭირო შემოწმებას და კარანტინს გაივლიან:

“ნუ განვიხილავთ ამ ადამიანების ჩამოყვანას, როგორც ევაკუაციას. ევაკუაცია სხვა ფორმაა. ევაკუაცია მოვახდინეთ, როდესაც ვუჰანიდან მოგვყავდა მოქალაქეები. რაც შეეხება დღევანდელ წამოყვანას: როდესაც საშიშროება გამოცხადდა, ვუჰანი დაიკეტა, მსოფლიომ დაიწყო შესაბამისი ზომების მიღება და ავიაკომპანიებმაც დაიწყეს რეისების გაუქმება, ამან განაპირობა ის, რომ დარჩენილმა ავიაკომპანიებმა მგზავრობის ღირებულება საკმაოდ გააძვირეს.

სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს. “ჰუალინგმა” ჩინეთში გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ჩინეთის მთავრობას ვთხოვეთ, მოეცა საშუალება, ის 34 ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ბილეთის ყიდვის საშუალება, პირდაპირი რეისით წამოგვეყვანა საქართველოში”, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამ საკითხზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილი მოაქალაქეები კარანტინს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარედ, სასტუმროს ტიპის კოპლექსში გაივლიან:

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ველოდებით 34 მოქალაქეს. მათ დახვდებათ ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა. მათ ჩინეთიდან გამოფრენამდე წინასწარი შემოწმება გავლილი აქვთ. ამ დროის მონაცემებით, არცერთ მათგანს არავითარი ნიშანი არ უფიქსირდება იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი. თუმცა, სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა.

კარანტინს გაივლიან სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს. ეს არის იდეალური ტერიტორია – თუ მათ დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მოქალაქის გადაყვანა მარტივად მოხდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, უცნობია, მოათავსებენ თუ არა კარანტინში

მასალების გადაბეჭდვის წესი