ახალი ამბები

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, უცნობია, მოათავსებენ თუ არა კარანტინში

21 თებერვალი, 2020 • 1925
ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, უცნობია, მოათავსებენ თუ არა კარანტინში

განახლება. 23:00 – მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა აღნიშნული სტატია გამოაქვეყნა, ჯერ ინფექციურ საავადმყოფოში თქვეს, რომ კარანტინს მხოლოდ ის მოქალაქეები გაივლიდნენ, რომლებზეც ეჭვის საფუძველი იქნებოდა. თუმცა, მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანები კარანტინს საჩხერეში გაივლიან.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო დღეს, 21 თებერვალს, ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს 30-მდე მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაურეკეს ჩინეთში საქართველოს საელჩოდან და შესთავაზეს ქალაქ ურუმჩიში ჩასვლა, იქიდან კი, თბილისში გამომგზავრება ისე, რომ ურუმჩი-თბილისის რეისის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მოქალაქეები დაინტერესდნენ, სად და რამდენი ხნით მოათავსებდნენ კარანტინში, თუმცა საელჩოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კარანტინში არ მოათავსებდნენ.

როგორც წესი, ყველა ქვეყანა, რომელსაც თავისი მოქალაქეები ჩინეთიდან გამოჰყავს კორონავირუსის საფრთხის გამო, ორკვირიან კარანტინში ათავსებს. სწორედ ამდენი დრო სჭირდება ახალი კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმში გამოვლენას. თუ ორკვირიანი კარანტინის შემდეგაც არ გამოვლინდა ვირუსი, მაშინ ადამიანი ჯანმრთელად მიიჩნევა. ორკვირიან კარანტინში მოათავსეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თებერვალში თურქეთისა და საფრანგეთის დახმარებით გამოიყვანეს ჩინეთიდან.

ნეტგაზეთი დილიდან ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას სხვადასხვა უწყებასთან იმის გასარკვევად, თუ რამდენი მოქალაქე გადმოჰყავთ ჩინეთიდან და აპირებენ თუ არა მათ მოთავსებას კარანტინში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თავდაპირველად უარყვეს ინფორმაცია ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის შესახებ. მოგვიანებით, დაგვპირდნენ, რომ საკითხს დამატებით გაარკვევდნენ, თუმცა მას შემდეგ მათგან ინფორმაცია საერთოდ ვერ მივიღეთ. ჩვენ დავუკავშირდით დააავდებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ, დააავდებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ინფორმაციის გადასამოწმებლად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართეს.

ნეტგაზეთმა ონლაინ რადარის არაერთ საიტზე დააფიქსირა, რომ თბილისის დროით 12:24 საათზე თბილისიდან, სავარაუდოდ, ურუმჩის მიმართულებით გაფრინდა ავიაკომპანია MyWay Airlines-ის თვითმფრინავი. როგორც ავიაკომპანიაში გვითხრეს, აღნიშნული თვითმფრინავი ნამდვილად ურუმჩის მიმართულებით ასრულებდა ჩარტერულ რეისს, თუმცა, რა მიზნით, აღნიშნულზე პასუხი ჯერჯერობით ასევე ვერ მივიღეთ.

Myway Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ურუმჩისკენ მიემართება/flightradar24

ნეტგაზეთი კვლავ შეეცდება ოფიციალური უწყებებისგან პასუხის მიღებას კითხვაზე, რამდენი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს ჩინეთიდან, სად და რამდენი ხნით იგეგმება მათი კარანტინში მოთავსება და თუ ეს არ იგეგმება, რა არის ამის მიზეზი.

ახალი კორონავირუსი საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა ამ დააავდებას ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსი კი ლაბორატორიულად 75 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინა. შემთხვევების ძირითადი ნაწილი ჩინეთში ფიქსირდება, გავრცელების მთავარი ეპიცენტრი კი ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში მდებარეობს.

განახლება 19:00 – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთიდან დღეს, 21 თებერვალს ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ინფექციურ საავადმყოფოში განთავსება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ აღმოაჩნდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდებიან.

“ჩინეთიდან მოემგზავრება დაახლოებით 30, შეიძლება ცოტა მეტი საქართველოს მოქალაქე სპეციალური რეისით. ეს ადამიანები ჩვენი ინფორმაციით, არ არიან ავად. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთში მათ უბრალოდ სიფრთხილის მიზნით გადაწყვიტეს ქვეყანაში დაბრუნება. შესაბამისად არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი არ მოხვდეს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე, სადაც მოთავსდება ეს 30 პიროვნება 14 დღის მანძილზე. ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით კი აღნიშნულ საკითხს აკოორდინირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას შემდეგ რაც დადასტურდება ინფორმაცია ევაკუაციის დროსთან დაკავშირებით, მაშინ გააკეთებს კომენტარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი