ახალი ამბები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჩინეთიდან ქართველების ევაკუაციას ადასტურებს

21 თებერვალი, 2020 • 1279
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჩინეთიდან ქართველების ევაკუაციას ადასტურებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთიდან დღეს, 21 თებერვალს ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ინფექციურ საავადმყოფოში განთავსება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ აღმოაჩნდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდებიან.

“ჩინეთიდან მოემგზავრება დაახლოებით 30, შეიძლება ცოტა მეტი საქართველოს მოქალაქე, სპეციალური რეისით. ეს ადამიანები, ჩვენი ინფორმაციით, არ არიან ავად. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთში, მათ უბრალოდ სიფრთხილის მიზნით გადაწყვიტეს ქვეყანაში დაბრუნება. შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ მათგან არცერთი არ მოხვდეს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე, სადაც მოთავსდება ეს 30 პიროვნება 14 დღის მანძილზე. ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით კი, აღნიშნულ საკითხს კოორდინირებას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას შემდეგ, რაც დადასტურდება ინფორმაცია ევაკუაციის დროსთან დაკავშირებით, მაშინ გააკეთებს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს 30-მდე მოქალაქის ევაკუაცია ჩინეთიდან დღეს, 21 თებერვალს იგეგმება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები დაინტერესდნენ, სად და რამდენი ხნით მოათავსებდნენ კარანტინში. თუმცა, მათი თქმით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კარანტინში არ მოათავსებდნენ. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” დილიდან დაუკავშირდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინფექციურ საავადმყოფოს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ არცერთი მხარიდან ამ დრომდე არ მიგვიღია.

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, უცნობია, მოათავსებენ თუ არა კარანტინში

მასალების გადაბეჭდვის წესი