ახალი ამბები

რ2-ის შემოსავლების კლებას სალია აგვისტოს კრიზისს უკავშირებს

21 თებერვალი, 2020 • 1335
რ2-ის შემოსავლების კლებას სალია აგვისტოს კრიზისს უკავშირებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-მა” გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით (როცა არხს ძველი მენეჯმენტი მართავდა), 7 336 934 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

ნეტგაზეთი “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი. სალიას თქმით, მთავარი პრობლემა გასული წლის აგვისტოს თვეში შეიქმნა.

ზაფხულში არხმა მმართველები შეიცვალა და ტელეკომპანიიდან დაითხოვეს სხვადასხვა ცნობადი სახე, ნაწილმა კი ტელეკომპანია თავად დატოვა:

“არხზე აგვისტოს თვეში დაწყებულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს შემოსავლებზე. ამასთანავე, “ინტერმედიის” წინააღდეგ (სარეკლამო კომპანია, რომელიც რუსთავი 2-ს ემსახურებოდა) დაიწყო გამოძიება, რაც, გარკვეულწილად, მათ საქმიანობაზეც აისახა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიდში არხის რეიტინგი მესამედი გახდა. ჩვენ შევძელით და დაახლოებით ერთ თვეში აღვადგინეთ კურიერი, თითქმის ერთი თვის განმავლობაში კი, ფაქტობრივად, სერიალების გარდა სხვა გადაცემები არ გადიოდა, რამაც ასევე ზეგავლენა მოახდინა შემოსავლებზე. შემცირდა რეკლამის განთავსების დაინტერესებულ პირთა რაოდენობა, თუმცა თანდათან დავძლიეთ ეს პრობლემა. გაცილებით დიდი შეიძლება ყოფილიყო ზარალი ამ წელს”, – განაცხადა პაატა სალიამ. მისივე თქმით, ამჟამად ტელეკომპანიაში არსებული კრიზისი დაძლეულია, რაც მათ რეიტინგებზეც აისახება.

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა, მთლიანობაში, 22 492 308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები  მოიცავს რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

  • · ტელეიმედი – 9,891,702.51 ლარი
  • · სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი
  • · საზოგადოებრივი მაუწყებელი – 656,171.18 ლარი
  • · ტელეკომპანია პირველი – 1,423,321.00 ლარი
  • · მთავარი არხი – 2,426,619.30 ლარი
  • · სილქნეტი – 614,660.89 ლარი
  • · ჯი-დი-ეს თივი – 600,787.79 ლარი
  • · სეტანტა ჯორჯია – 277,271.35 ლარი
  • · რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი
  • · ტვ 25 – 133,989.90 ლარი
  • · ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი – 123,235.52 ლარი
  • · სტუდია პულსი – 86,964.37 ლარი
  • · ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია – 84,860.00 ლარი
  • · სტუდია მაესტრო – 118,025.00 ლარი
  • · პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი
  • · რაგბი ტვ – 96,649.00 ლარი
  • · ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი
  • · ტელერადიოკომპანია რიონი – 47,791.94 ლარი
  • · არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი – 70,000.00 ლარი
  • · დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში – 32,784.75 ლარი
  • · სხვა – 431,697.56 ლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი