ახალი ამბები

“ჩემს სახლთანაც მომხდარა მსგავსი შემოჭრები” – გახარია ოპოზიციონერების წინააღმდეგ აქტივისტების პროტესტზე

21 თებერვალი, 2020 • 1147
“ჩემს სახლთანაც მომხდარა მსგავსი შემოჭრები” – გახარია ოპოზიციონერების წინააღმდეგ აქტივისტების პროტესტზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების შეკითხვის შემდეგ გამოეხმაურა ბოლო დღეებში ელენე ხოშტარიას და სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ რესტორნებში და მის გარეთ მოწყობილ საპროტესტო აქციებს.

გახარიას თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან არაერთხელ მომხდარა შეჭრა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. თუმცა, გახარიას განმარტებით, მას არასდროს არ უფიქრია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა და ოპოზიციისთვის დაებრალებინა აღნიშნული.

“ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიის წარმოამდგენელია, პოლიციამ უნდა იმოქმედოს… ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები, საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების სახლში და არასოდეს აზრადაც არ მომსვლია, რომ გამეკეთებინა განცხადება, რომ ეს არის ოპოზიციის დაგეგმილი. ეს არის გამოძიების საქმე”, – განაცხადა გახარიამ, რომელმაც გააპროტესტა ჟურნალისტის რემარკა, რომლის მიხედვითაც ამ აქციების უკან ხელისუფლება დგას.

გუშინ, 20 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილთან მეგობრები და ენმ-ის ლიდერები მივიდნენ, პარტიის ოპონენტებმა აქცია გამართეს. გარდა ამისა, 19 თებერვალს, საღამოს, ოპოზიციონერ პარლამენტარ ელენე ხოშტარიას რამდენიმე ადამიანი რესტორანში სადილობისას მიუვარდა და მისი გადადგომა მოითხოვა პარლამენტში თალაკვაძის გამოსვლის დროს სსრკ-ს ჰიმნის აჟღერების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი