ახალი ამბები

ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ – გახარია

21 თებერვალი, 2020 • 2372
ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა გაიყიდება და ამაზე უკვე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ამის შესახებ გახარიამ ბათუმის მახლობლად “ოცნების ქალაქის” მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საწარმოების ცენტრი და ამ შენობის მნიშვნელობა იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ პარლამენტსაც ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი სახე”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ყოფილი პარლამეტნის შენობის გამოყენება სხვადასხვა სახით არის შესაძლებელი, მათ შორის არის განათლება, მედიცინა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და სხვა.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა.

2019 წლის იანვრიდან კი ქუთაისში პარლამენტის შენობა გაუქმდა და კვლავ ძველ ადგილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას დაუბრუნდა.

ამჟამად ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და იქ პოლიციის რამდენიმე სტრუქტურაა განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი