ახალი ამბები

კოალიცია: პროკურატურის დეპოლიტიზაცია კვლავ გამოწვევების წინაშეა

22 ივლისი, 2015 • 1042
კოალიცია: პროკურატურის დეპოლიტიზაცია კვლავ გამოწვევების წინაშეა

ვენეციის კომისიისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა. 


“მთავრობის მიერ კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გაზიარებული ცალკეული რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებების სულისკვეთება და მიმართულება არსებითად არ შეცვლილა. ამდენად, კოალიციას მიაჩნია, რომ კვლავ რჩება არაერთი ინსტიტუციური გამოწვევა პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზირების გზაზე,”– აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში. 

 
როგორც კოალიცია აცხადებს, კანონპროექტის ახალი რედაქციის ძირითად ცვლილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. საბჭოს შემადგენლობა იზრდება 15 წევრამდე (იუსტიციის მინისტრი, 8 პროკურორი, 2 მოსამართლე, 2 პარლამენტის წევრი, 2 პარლამენტის მიერ არჩეული არაპროკურორი წევრი). წესდება კვოტა საპარლამენტო უმცირესობისთვის. პარლამენტი კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეარჩევს საბჭოს ორ არაპროკურორ წევრს. მთავარი პროკურორობის კანდიდატის პირველადი ნომინირების უფლებამოსილება უნარჩუნდება იუსტიციის მინისტრს; მინისტრი ერთის ნაცვლად მოახდენს მინიმუმ სამი კანდიდატის ნომინირებას. კანდიდატთა შერჩევის წინ კი ის სავალდებულო კონსულტაციებს გაივლის პროფესიულ წრეებთან.


“კონსულტაციების ზოგადი პროცედურები, ვადები და პრინციპები შემოთავაზებულ რედაქციაში არაა განსაზღვრული; არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმების დადგენასთან დაკავშირებით, რაც უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი  თანამდებობის პირისთვის საჭირო მაღალ პროფესიულ სტანდარტს და რაც, ამავე დროს, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის დეპოლიტიზირების ერთ-ერთი გზაა,”- აცხადებს კოალიცია. 

კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის
კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის

   
 
 
კოალიციის განცხადებით, კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები ემსახურება დოკუმენტის ტექნიკურ გაუმჯობესებას და ვერ ცვლის კანონპროექტის ძირითად ხარვეზს – პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების რისკს.


“არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები – მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესზე მმართველი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის შემცირება და საპროკურორო საბჭოში იუსტიციის მინისტრის დომინანტური როლის შემცირება/დაბალანსება; საპროკურორო საბჭოს ინსტიტუციური სტატუსის განსაზღვრა იმგვარად, რომ ის არ შედიოდეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ამდენად, განხორციელებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს მთავრობის მიერ პროცესის საწყის ეტაპზე გაჟღერებული მიზნების მიღწევას, რასაც სისტემური და ფუნდამენტური ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ესაჭიროება,”– აცხადებს კოალიცია. 
 
 
კოალიცია ასევე აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ის ვალდებულებებიც, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აქვს აღებული, მათ შორის, პროკურატურის სისტემის სათანადო კონსტიტუციური მოწყობის განსაზღვრა; ასევე, კოალიციის განცხადებით, საბოლოო და შესაფერისი კონსტიტუციური წყობის ჩამოყალიბების საჭიროებაზე საუბარია თომას ჰამერბერგის ანგარიშში.  
 
 
“კოალიცია ასევე საუბრობდა პროკურატურის რეფორმის პროცესში კონსტიტუციური ცვლილებების საჭიროებაზე, რაც, სამწუხაროდ, არ გახდა ხელისუფლების მხრიდან რაციონალური მსჯელობის საგანი. ხელისუფლების არგუმენტები კონსტიტუციური ცვლილებების საწინააღმდეგოდ მხოლოდ არასაკმარისი ხმების რაოდენობაზე მითითებით შემოიფარგლა”.
 
 
მათი განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტში გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ ცვლილებებს მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის ნაწილში, რაც მიუთითებს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის რეალურ შესაძლებლობაზე ხელისუფლების მხრიდან ნათელი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.  
 
 
კოალიცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემური რეფორმა, რის საფუძველსაც, მათი განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან ერთად, კონსტიტუციური ჩარჩოს ცვლილება და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მზადყოფნის გამოხატვა შექმნის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი