ახალი ამბები

გამოსახლების პოლიტიკა ადამიანებს უსახლკარობის რისკის ქვეშ აყენებს – EMC

20 თებერვალი, 2020 • 1354
გამოსახლების პოლიტიკა ადამიანებს უსახლკარობის რისკის ქვეშ აყენებს – EMC

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საცხოვრისიდან გამოსახლების მცდელობებმა მკვეთრად იმატა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1 300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების ჯამურ ანალოგიურ მაჩვენებლს. ამის შესახებ განცხადება EMC-მ დღეს, 10 თებერვალს გამოაქვეყნა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამოა. გამოსახლებული ადამიანები კი, ხშირ შემთხვევაში, უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან.

“გამოსახლებისგან დაცვის უფლება სათანადო საცხოვრებლის უფლების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს სახლებიდან ან/და მიწიდან პირების ნების საწინააღმდეგოდ და სათანადო მხარდაჭერის გარეშე მუდმივი ან დროებითი გამოყვანისგან მათ დაცვას. იძულებითი გამოსახლება წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის ჩარევას მთელ რიგ უფლებებში და არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, შესაბამისად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაატარონ პრევენციული და რეაგირებითი ზომები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, საცხოვრისის ეროვნულ სტრატეგიებში ამ საკითხების ასახვის გზით.

საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა, უმეტესწილად, არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან. მთავარი გამოწვევა, რაც ამ სფეროში არსებობს, არის ის, რომ კანონმდებლობა და პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი აქცენტი მესაკუთრის უფლებებზე კეთდება. გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა კი ყურადღების მიღმა რჩება”, – წერია განცხადებაში.

EMC-ის მიხედვით, საქართველოში გამოსახლების სამ ფორმას ვხვდებით, მაგრამ კანონმდებლობაში არ არის გამოსახლების ერთიანი ცნება. ნებართვის გარეშე აგებული საცხოვრებლის დემონტაჟის დროს გამოსახლება კი საერთოდ არ მიიჩნევა გამოსახლების ფორმად. ასევე, EMC-ის ინფორმაციით, საქართველოს გამოსახლების პრევენციის სისტემა ფაქტობრივად არ გააჩნია და პრევენციის ვალდებულება კანონით არ არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გაასაჩივრებს საკუთარ გამოსახლებას, მისი გამოსახლების პროცესი არ შეჩერდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ არ გროვდება ინფორმაცია გამოსახლების მიზეზებისა და შიანმეურნეობების საჭიროებების შესახებ. ამგვარი მონაცემების არარსებობის პირობებში კი სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, დაგეგმოს პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა.

EMC-ის ცნობით, ასევე გამოწვევას წარმოადგენს უშუალოდ გამოსახლების პროცესიც, რომელიც შუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობა არ ითალისწინებს ღამის ან/და ზამთრის პერიოდში და ცუდ ამინდში გამოსახლების აკრძალვას. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაცია გამოსახლების შესახებ ჯეროვნად არ მიეწოდება. ასევე, ეროვნული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებელ ფართზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ჩართულობას გამოსახლების პროცესში.

“დიდი გამოწვევაა, ასევე, გამოსახლებული პირების უზრუნველყოფა ადეკვატური საცხოვრისით. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ხდება მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების მოწყვლადობა და მათი უსახლკარობის რისკები. აღნიშნული საკითხი ყველაზე მწვავედ უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების დროს დგას. გამოსახლების შემდგომ შესაბამის ორგანოებს არ აქვთ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულება, რომ ეს პირები საცხოვრისით დააკმაყოფილონ.

ამის ნაცვლად კანონმდებლობა მუნიციპალიტეტების მიერ უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულებით შემოიფარგლება. შესაბამისად, გამოსახლების შემდგომ პირმა უნდა დააკმაყოფილოს უსახლკარობის კრიტერიუმები, რაც პრობლემურია, რადგან საქართველოში მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს უსახლკარობის ფაქტის დადგენის მეთოდოლოგია ან/და საცხოვრისის სერვისი, რის შედეგადაც გამოსახლებული პირების უკიდურესი მოწყვლადობის მდგომარეობაში აღმოჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გმოსახლების რეგულირების მცდელობისა, მაინც არ ხდება გამოსახლებული ან გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირებისა და ოჯახების საჭიროებების შესწავლა და გამოსახლების პროცედურების აღსრულებისთანავე სათანადო საცხოვრებელი ფართით და სხვა დამხმარე სერვისებით უზრუნველყოფა.

“გამოსახლების თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს დეტალურად გაწერილი რეგულაციების შესაბამისად და, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების დაცვის პრინციპის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება გამოსახლების პროცესის დასრულებით არ მთავრდება. ქვეყნებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ, რომ გამოსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ უსახლკაროდ, აუცილებელი მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება აღნიშნული პირების სათანადო საცხოვრებლისა და სხვა რელევანტური სერვისებით უზრუნველყოფის ვალდებულება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

EMC ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომანდაციებით მიმართავს:

  • ბაზისურ საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციამდე, სახელმწიფოს მიერ განხილულ იქნას ისეთი დროებითი ზომის გამოყენება, როგორიცაა გამოსახლების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება, რაც დაიცავს გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირებსა და შინამეურნეობებს უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენისაგან;
  • გამოსახლების ყველა ეტაპის მარეგულირებელი კანონმდებლობა მოვიდეს თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების საფუძველს შექმნის;
  • გამოსახლების პრევენცია და მისი რაოდენობის შემცირება გახდეს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მუშავდება ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
  • გამოსახლების პრევენციული და რეაგირებითი პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ჩამოყალიბდეს გამართული ინსტიტუციური ჩარჩო, რაც, მათ შორის, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საფუძველს შექმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი