ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება – რა ელის აფხაზეთს

20 თებერვალი, 2020 • 5789
“ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება – რა ელის აფხაზეთს

“ენგურჰესი”, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეებს, 2021 წელს რამდენიმე თვით მუშაობას გააჩერებს. რატომ ჩერდება ენგურჰესი და როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა აღნიშნულ პერიოდში, ამის შესახებ ლევან მებონია, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნეტგაზეთთან საუბრობს. 


ბატონო ლევან, როგორც ვიცით, 2021 წლის თებერვლის ბოლოსთვის ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელიც იმავე წლის ივნისში უნდა დასრულდეს. რა მდგომარეობაშია ახლა აღნიშნული გვირაბი და რა საფრთხეები არსებობს დღეს იმის გათვალისწინებით, რომ ის სარემონტო მდგომარეობაშია?

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რემონტი 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან მაისის ჩათვლით არის გათვალისწინებული. აღნიშნულ გვირაბზე 2017 წლის თებერვალში ინსპექტირება ჩატარდა. სწორედ ამ პროცესში გამოვლინდა სუსტი ადგილები, რომლებსაც რემონტი სჭირდება.

თავდაპირველი პროექტით, სადერივაციო გვირაბის დათვალიერება ყოველ მეხუთე წელს იყო გათვალისწინებული, რის შედეგადაც რეაბილიტაციის მოცულობა უნდა დადგენილიყო. ბოლო რემონტი სადერივაციო გვირაბს 2006 წელს ჩაუტარდა. 2017 წელს განხორციელებული დათვალიერების შედეგად კი გამოვლინდა გარკვეული ადგილები, სადაც ფილტრაცია არის მომატებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადერივაციო გვირაბი რემონტს საჭიროებს.

იმის საფრთხე, რომ სადერივაციო გვირაბი დაინგრევა ან რაიმე კატასტროფა მოხდება, ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა რემონტი აუცილებელია, რათა უკვე დაწყებული პროცესები არ განვითარდეს და გაუთვალისწინებელ შედეგებამდე არ მიგვიყვანოს. გარდა ამისა, სადერივაციო გვირაბში გამოვლენილი ფილტრაცია, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს. გვირაბის ფილტრაციისა და მისი ხორკლიანობის გამო, ენგურჰესი წელიწადში დაახლოებით 250 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას კარგავს. ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, განახევრდება.

როგორც ცნობილია, ჰესი მუშაობას სამი თვით გააჩერებს. როგორ მოხდება ამ პერიოდში აფხაზეთის ენერგომომარაგება იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზური მხარე სრულიად ენგურჰესზეა დამოკიდებული?

აფხაზეთის ელექტროგომომარაგება ამ პერიოდში იმპორტის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. საქართველოს ენერგოსისტემისა და მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზების კონფიგურაციიდან გამომდინარე, ტექნიკურად ეს ყველაზე მოსახერხებელი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე იქნება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს აფხაზების დასახმარებლად. რას გეგმავს ამ კუთხით ქართული მხარე? ის იყიდის აფხაზეთისთვის ელექტროენერგიას? რომელი ქვეყნიდან?

როგორც წინა შეკითხვაში აღვნიშნეთ, ქსელის თავისებურებებიდან და გადამცემი ხაზების გამტარობიდან გამომდინარე, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტი ტექნიკურად ყველაზე მოსახერხებელი და გამართლებული რუსეთიდან არის. თუმცა ელექტროენერგიის შესყიდვა და მასთან დაკავშირებული საკითხები ენგურჰესის პრეროგატივასა და კომპეტენციას არ წარმოადგენს, რადგან ენგურჰესი ელექტროენერგიას არ ყიდულობს.

რა რაოდენობის და ღირებულების ელექტროენერგიაზეა საუბარი?

ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთს დაახლოებით 450 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია დასჭირდება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ღირებულებაზე, რადგან ელექტროენერგიის შესყიდვა და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც უკვე გითხარით, ენგურჰესის პრეროგატივასა და კომპეტენციას არ წარმოადგენს. 

რამდენია აფხაზეთის მოხმარება დღეს? რატომ დგება მუდმივად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიის დეფიციტი აფხაზეთში?

დღეის მდგომარეობით, აფხაზეთის მოხმარება დღე-ღამეში საშულოდ 8,5-9 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს.

ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტი აფხაზეთში მუდმივად დგება. ამის მიზეზი არის ის, რომ ამ დროს აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ენგურჰესის წყალსაცავში დაგროვილი წყალი და შემონადენი კი ზამთრის თვეებში გაზრდილი მოთხოვნის კომპენსირებას ვერ უზრუნველყოფს.

რამდენი ჯდება გვირაბის რეაბილიტაცია და დაფინანსების რა წყაროზეა საუბარი?

ენგურჰესის რეაბილიტაცია (მათ შორის, სადერივაციო გვირაბის რემონტი) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მხოლოდ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ენგურჰესი დღეს ერთადერთი პროექტია, რომელზეც ერთობლივად მუშაობენ ქართული და აფხაზური მხარეები. როგორ შეიძლება მისი გამოყენება მომავალშიც, ზოგადად, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებისთვის?

ადამიანებს შორის ურთიერთოებები ყოველთვის მისასალმებელია. თუ ამ მიმართულებით არსებულ ენგურჰესის გამოცდილებას სხვა დარგებზეც გადავიტანთ, ადამიანები უფრო დაახლოვდებიან და ნდობის ფაქტორიც გაიზრდება.

როგორც ცნობილია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ზონის განვითარება იგეგმება. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროექტი და რას მისცემს ის როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეს?

ეს პროექტი ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, მასში აფხაზური მხარე ჩართული არ არის. თუმცა, შესაძლოა, აფხაზებმა ეს გამოცდილება გაითვალისწინონ და აღნიშნული პროექტი განვახორციელოთ ენგურჰესის იმ ნაწილზეც, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს. დღეისათვის კი მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა საუბარი.

ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად საუბარი კაშხლიდან გადასახედი მოედნებისა და ზიპლაინის მოწყობაზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი