ახალი ამბები

ადვოკატები მერაბიშვილს ატყუებდნენ, რომ ციხეს მალე დატოვებდა – წულუკიანი

20 თებერვალი, 2020 • 925
ადვოკატები მერაბიშვილს ატყუებდნენ, რომ ციხეს მალე დატოვებდა – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი წლების განმავლობაში მერაბიშვილს ატყუებდნენ, თითქოს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდებოდა. წულუკიანის თქმით, ამ განცხადებების მიუხედავად, საბოლოოდ მერაბიშვილს სასჯელის ბოლომდე მოხდა მოუწია:

“რაკი დღეს ის უკვე თავისუფალია, მინდა უფრო მწვავედ შევაფასო მისი ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ტელევიზიის მეშვეობით პატიმარს ტყუილებს უთვლიდნენ. [მას] ეუბნებოდნენ, რომ თითქოს პოლიტპატიმრად გაღიარესო. ეს სიცრუე იყო. მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა, სამწუხაროდ, ხანდახან ვარ მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფები პატიმართან მიმართებით. მას ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს… ბატონი ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებითა და პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ამ პატიმარს ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ. არადა, ეს პატიმარი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სასჯელი სრულად მოიხადა.”

ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. როგორც მან თქვა, ის გააგრძელებს ბრძოლას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი