საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, StrateVarious-თან კონრაქტი ერთი წლის ვადით გააგრძელა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტს საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აწერს ხელს. ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს მთავრობა ლობისტურ კომპანიას ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
კონტრაქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ქირაობს ლობისტურ ფირმას, რომელიც დაეხმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, ვაჭრობის გაფართოებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, მედიასა და გავლენიან წრეებთან ურთიერთობების, შესაბამისი ღონისძიებებისა და შეხვედრების მხარდაჭერისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის ლიდერების ინფორმირების კუთხით.
საქართველოს მთავრობა აშშ-ში ლობირებისთვის StrateVarious-ს 2017 წლიდან ქირაობს.
ამ დროისთვის საქართველოდან აშშ-ის ლობისტურ კომპანიებთან 7 კონტრაქტია გაფორმებული:
- საქართველოს მთავრობა (დამკვეთი) – Chartwell Strategy Group (დაქირავებული);
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” – DCI Group AZ;
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – Orion Strategies;
- საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო – Hill and Knowlton Strategies;
- საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო – JPW Communications;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – StrateVarious;
- პარტია “ქართული ოცნება” – Hogan Lovells.